თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 20 ივლისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩავიდა. ბერლინის ბრანდენბურგის სახელობის ვილი ბრანტის აეროპორტში სახელმწიფოს მეთაურის პატივსაცემად საპატიო ყარაული მოაწყვეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში ოფიციალური პირები დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი ბერლინის რეზიდენცია Villa Borsig-ში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. გერმანიის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ლიდერი პირადად მიიღო. შეხვედრის დაწყებამდე ილჰამ ალიევმა ჩანაწერი დატოვა საპატიო სტუმრების წიგნში. ამჟამად ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა "პირისპირ" ფორმატში მიმდინარეობს, ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.
იმავე დღეს ილჰამ ალიევი შეხვდა გერმანული ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ ჰარმს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანელ და გერმანელ ბიზნესმენებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობით დაინტერესების ზრდას. განიხილეს ამ საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის გზები.
მხარეებმა ტრადიციულ და ალტერნატიულ ენერგეტიკაში არსებულ პოტენციალზე, ასევე დაკავშირებადობის, მათ შორის შუა დერეფნის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები
ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანში მიღებულ სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო პროგრამას. განხილულ იქნა გერმანული მოწინავე ტექნოლოგიების, მათ შორის "ჭკვიანი სოფლის მეურნეობის" მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.
გარდა ამისა, საუბრისას მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის ტურისტული პოტენციალის გამოყენებისა და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხების შესახებ.
