თბილისი (GBC) – ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟმა რეზა ფეჰლევიმ განაცხადა, რომ ირანის ძალოვანი უწყებების, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წარმომადგენლებისგან ფარულ სიგნალებს იღებს. მისი თქმით, თეირანის რეჟიმის ძალოვან საყრდენში სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს მმართველი რეჟიმისგან დისტანცირების გზებს.

Reuters-თან ინტერვიუში ფეჰლევიმ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში მოქმედი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მას რეგულარულად პირდაპირ უკავშირდებიან. „მწერენ: „მე მაშჰადის ბასიჯი ვარ“ ან „მე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში ვმსახურობ ამათუ იმ ქვეყანაში“. ისინი ამბობენ: „ჩვენ გვძულს ეს რეჟიმი. ჩვენ მათ მხარეს არ ვართ. ვეძებთ შესაძლებლობას, რომ მათ გავემიჯნოთ“, — განაცხადა ფეჰლევიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ კორპუსის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, თუმცა დაადასტურა ადგილობრივ დონეზე საიდუმლო კონტაქტების არსებობა. მისი თქმით, მას თავად დაუკავშირდნენ „სეფაჰის“ (ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის) წარმომადგენლები და არმიის სამხედრო მოსამსახურეები, რაც შესაძლოა ირანის უსაფრთხოების საკვანძო სტრუქტურებში ფარული განხეთქილების არსებობაზე მიუთითებდეს.