თბილისი (GBC) - ოთხშაბათს გამოქვეყნებული ახალი საგამოძიებო ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ისრაელის მარკირებით შესული სურსათის თითქმის ყოველი მეხუთე გზავნილი, რეალურად, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს დასახლებებიდან ან გოლანის მაღლობებიდანაა. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
უკვე ორი ათწლეულია, რაც ევროკავშირი მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს: ბრიუსელი თავისუფლად ვაჭრობს უშუალოდ ისრაელთან, თუმცა ეს რეჟიმი არ ვრცელდება იმ დასახლებებზე, რომლებიც ქვეყანამ 1967 წლის ომის შედეგად ეგვიპტის, იორდანიისა და სირიისთვის წართმეულ მიწებზე ააშენა. პალესტინის ტერიტორიაზე არსებულ ამ დასახლებებს „ორსახელმწიფოებრივი მოდელის“ მომხრეები მკაცრად გმობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი მომავალი პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უთხრის ძირს.
ამერიკული იურიდიული ორგანიზაციის Global Echo Litigation Center კვლევა აჩვენებს, რომ ევროპის საზღვრებზე ეს მკაფიო გამიჯვნა ხშირად არ მუშაობს. ანგარიშის მიხედვით, დასახლებებში წარმოებული ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ფინიკი, ციტრუსი და ტაჰინი (ქუნჯუტის პასტა), ევროპაში შეღავათიანი ტარიფებით, ორგანული პროდუქტის სტატუსითა და იმ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატებით შედის, რომლებიც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით მხოლოდ საკუთრივ ისრაელში მოყვანილ მოსავალს ეკუთვნის.
ორგანიზაცია Global Echo აღნიშნავს, რომ ევროპელ მომხმარებელს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, გაიგოს პროდუქტის რეალური წარმომავლობა. ჯგუფმა უკვე მოამზადა სარჩელები საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, რათა საბაჟო და მომხმარებელთა უფლებების დამცველ ორგანოებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აიძულოს.
POLITICO–ს თანახმად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებული ებრაული დასახლებები უკანონოდ მიიჩნევა. ეს პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა გაეროს საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) 2024 წლის საკონსულტაციო დასკვნაში, სადაც აღნიშნა, რომ სახელმწიფოებმა თავი უნდა აარიდონ ისეთ სავაჭრო კავშირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის ყოფნას უწყობს ხელს. თავად ისრაელი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებს და ხსენებულ რეგიონებს სადავო ტერიტორიებად განიხილავს.
ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, საერთაშორისო საზოგადოება არც გოლანის მაღლობებზე აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს - ეს არის სტრატეგიული მთიანი რეგიონი, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის მდებარეობს.
POLITICO-ს ინფორმაციით, უფლებადამცველების ეს დასკვნა ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ევროკავშირმა სანქციები დააწესა იმ რადიკალი ისრაელელი მოსახლეების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებს ესხმიან თავს. თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ზომები არასაკმარისია და ისრაელთან სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობების უფრო ფართო შეზღუდვას ითხოვს.
„უკანონო დასახლებებთან ვაჭრობით ევროკავშირი თავადვე აფინანსებს იმ დარღვევებს, მათ შორის ეთნიკურ წმენდასა და აპარტეიდს, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გმობს. ამ დასახლებებთან ლეგალური ვაჭრობის არანაირი სამართლებრივი გზა არ არსებობს“, - აცხადებს კლაუდიო ფრანკავილა, ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი, რომელიც ამ ანგარიშის გავრცელებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს 160-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პროფკავშირმა ოფიციალური წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ისრაელის უკანონო დასახლებებთან ყოველგვარი ბიზნესკავშირის აკრძალვა მოითხოვა. კომენტარისთვის გაგზავნილ შეკითხვებს არც ევროკომისიამ უპასუხა და არც ისრაელის ოფიციალურმა უწყებებმა (საგარეო, სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა და ევროკავშირში ისრაელის საელჩომ).
როგორ ხდება პროდუქციის შენიღბვა? (სამი ძირითადი სქემა)
კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ Global Echo შეისწავლა 30,000-ზე მეტი საექსპორტო დოკუმენტი, რომლებიც ისრაელის სამთავრობო ბაზებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მონაცემებს შეადარა. ასევე ჩატარდა საველე მოკვლევა და ინტერვიუები უშუალოდ ისრაელელ ექსპორტიორებთან.
მონაცემების მიხედვით, 2017-დან 2026 წლამდე პერიოდში ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში 5,900-ზე მეტი აგროპროდუქციის გზავნილი შევიდა. კვლევამ დაადასტურა, რომ მათი 17.2% (ხოლო უშუალოდ ევროკავშირის შემთხვევაში - 19.2%) სწორედ დასავლეთ სანაპიროსა და გოლანის მაღლობებიდან იყო წაღებული. ავტორების განცხადებით, ვინაიდან წარმოშობის ადგილის მანიპულაცია ხშირად ხდება, რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია.
ანგარიშში აღწერილია სამი ძირითადი მეთოდი, რომლითაც კომპანიები 13.1 მილიონი ევროს ღირებულების საქონლის საბაჟო დეკლარირებას ახდენდნენ:
- პირდაპირი მანიპულაცია: ექსპორტიორი დოკუმენტში უთითებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ რეალურ საწარმოს, თუმცა წარმოშობის ქვეყნად მაინც ისრაელს წერს.
- ყალბი მისამართი: კომპანიები იყენებენ ფიქტიურ იურიდიულ მისამართებს უშუალოდ ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- პროდუქციის შერევა: შესაფუთ ქარხნებში ოკუპირებულ ზონაში მოწეულ მოსავალს ისრაელის შიდა პროდუქტს ურევენ და ერთიან პარტიად აგზავნიან.
საინტერესოა, რომ მაშინაც კი, როდესაც საბაჟო ორგანოები დარღვევას აღმოაჩენენ და პროდუქტს სტანდარტული ტარიფით ბეგრავენ, ექსპორტიორები ფინანსურად არ ზარალდებიან. 2006 წლიდან ისრაელში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესს ზუსტად იმ საგადასახადო ხარჯს უნაზღაურებს, რასაც ევროპული საბაჟო ოკუპირებული ტერიტორიების პროდუქციას აკისრებს. Global Echo-ს შეფასებით, ეს სუბსიდირება აზრს უკარგავს დაწესებულ სანქციებს, ხოლო ამ მიზნით ისრაელის ბიუჯეტიდან უკვე დახარჯულია დაახლოებით 63 მილიონი ევრო.
გარდა ამისა, ევროპული რეგულაციებით, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი იმ ქვეყანამ უნდა გასცეს, სადაც პროდუქტი რეალურად მოიყვანეს. მიუხედავად ამისა, შემთხვევათა მეოთხედში ისრაელის შესაბამისმა სამსახურებმა სერტიფიკატები ოკუპირებულ მიწებზე მოყვანილ სურსათზე გასცეს, რაც ევროპულმა საბაჟოებმა უპრობლემოდ მიიღეს. ანგარიშში ასევე საუბარია 31 ორგანულ სერტიფიკატზე, რომელიც ევროკავშირის მიერ აკრედიტებულმა ისრაელის სააგენტო Secal-მა ოკუპირებული ზონის პროდუქციას მიანიჭა.
ყოველივე ამის შედეგად მომხმარებელი შეცდომაში შედის. მაგალითად მოყვანილია ისრაელის ცნობილი ბრენდი Achva, რომლის ტაჰინიც დასავლეთ სანაპიროზე მზადდება, თუმცა მაღაზიის დახლებზე წარწერით — „ისრაელის პროდუქტი“ ხვდება. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან სასამართლოს მიერ სავალდებულოა დასახლებებიდან წამოსული სურსათის სპეციალური მარკირება.
ნდობაზე დაფუძნებული სისტემის ხარვეზები
ევროკავშირსა და ისრაელს შორის მოქმედი სავაჭრო შეთანხმებით, აგროპროდუქციის უდიდესი ნაწილი ევროპაში უბაჟოდ შედის, თუმცა ეს პრივილეგია არ ვრცელდება 1967 წელს ანექსირებულ რეგიონებზე.
2005 წლიდან მოქმედებს ტექნიკური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ისრაელელმა ექსპორტიორებმა დეკლარაციაში უნდა მიუთითონ წარმოების ადგილის საფოსტო ინდექსი, რათა საბაჟომ გადაამოწმოს, მოდის თუ არა ტვირთი უკანონო დასახლებებიდან. გამოძიება ასკვნის, რომ ეს სისტემა ეფექტური არ არის, ვინაიდან ის მთლიანად თავად ბიზნესის კეთილსინდისიერებასა და დეკლარაციებზეა დამოკიდებული.
2025 წლის სექტემბერში ევროკომისიამ, ადამიანის უფლებათა პუნქტის დარღვევის გამო, ისრაელთან სავაჭრო შეთანხმების გარკვეული დებულებების შეჩერების ინიციატივა წამოაყენა, თუმცა წევრმა სახელმწიფოებმა კონსენსუსს ჯერ ვერ მიაღწიეს. ამ ფონზე, ესპანეთმა დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგა და 2025 წლის ბოლოდან ქვეყნის მასშტაბით სრულად აკრძალა პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნებისმიერი პროდუქტის იმპორტი.