თბილისი (GBC) – OPEC+ ფორმატის წევრი ქვეყნები მსოფლიო ნავთობმოპოვების მოცულობის მორიგი შემცირების საკითხს განიხილავს. სააგენტო REUTERS-ის წყაროები ამბობენ, რომ საუბარია დღე–ღამეში ნავთობმოპოვების 1–2 მლნ ბარელით შემცირებაზე. The Wall Street Journal–ის (WSJ) მონაცემებით კი მოპოვების შემცირებას 1 მლნ ბარელით გეგმავენ.

როგორც WSJ წერს, აღნიშნული შეთანხმების მიღწევა არ არის გარანტირებული და მას წინააღმდეგობას OPEC–ში უწევენ. ნებისმიერი შემცირება იმის დამატება იქნება, რაც ივნისში გადაწყდა. მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი საუდის არაბეთი მოპოვების შემცირების მხარდამჭერია. აფრიკის უმსხვილესი ექსპორტიორები ნიგერია და ანგოლა წინააღმდეგობას უწევენ მოპოვების ინდივიდუალური კვოტების დაწევას. WSJ–ის ცნობით, ეს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ OPEC გადაჭარბებულად აფასებს მათი ნავთობმოპოვების სიმძლავრეებს. როგორც ამბობენ, მოპოვების შემცირებას არც არაბთა გაერთიანებული საამიროები ეთანხმება.

2024 წლისთვის ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვის გადაწყვეტილება დღეს, 30 ნოემბერს უნდა მიიღონ ვიდეოკონფერენციაზე. აღნიშნული შეხვედრა 26 ნოემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაიდო.