თბილისი (GBC) – ისლამაბადში სულ მცირე 12 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 10 სამართალდამცველი, ოპოზიციური პარტიის „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ შეტაკებებში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
პაკისტანური მედიის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები ოპოზიციის მხარდამჭერების კოლონის ქალაქის ცენტრალური რაიონებისკენ წინსვლის შეჩერებას ცდილობენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულ 12 ადამიანს შორის 7 პაკისტანის შსს–ს გასამხედროებული ჯგუფის Ramgers წევრები იყვნენ, დაღუპულია 2 პოლიციელი და ერთიც სასაზღვრო კორპუსის წევრი. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ დაჭრილია 100–ზე მეტი პოლიციელი, რომელთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პაკისტანის პრემიერ–მინისტრმა შახბაზ შარიფმა დაგმო „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ მხარდამჭერების თავდასხმა პოლიციელებზე.
პაკისტანის შსს–მ ისლამაბადში წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ჯანის შეყვანის შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, ხელისუფლებამ შეიარაღებულ ძალებს წესრიგის დამრღვევთა მიმართ მკაცრი მოქმედების, მათ შორის უკიდურესი ზომების მიღების უფლება მისცა, რაც არეულობის მონაწილეთა ადგილზე დახვრეტას გულისხმობს. სამხედროებს კომენდანტის საათის დაწესების უფლებაც აქვთ ქალაქის ნებისმიერ რაიონში, თუ ამის საჭიროება წესრიგისა და კანონის მოთხოვნების დასაცავად აუცილებლად დადგება.
ოპოზიციურმა პარტიამ „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ 24 ნოემბერს საერთო ეროვნული საპროტესტო აქცია წამოიწყო, მათი მოთხოვნის შესრულების მიზნით. აქციის მონაწილეები ქვეყნის კონსტიტუციაში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას, თებერვალში გამართული საპარლამენტო არჩევნების გადახედვას და პოლიტპატიმრების, მათ შორის პარტიის დამფუძნებელს და პაკისტანის მთავრობის ყოფილი მეთაურის იმრან ხანის გათავისუფლებას ითხოვენ. პარტიის პრეს–სამსახურის ცნობით, ექს–პრემიერის მომხრეები ისლამაბადის ცენტრალური მოედნიდან უკვე 7 კილომეტრში არიან. სწორედ ამ მოედნის მიმდებარედაა განლაგებული სამთავრობო შენობები, საკანონმდებლო და სასამართლო უწყებები.