თბილისი (GBC) - ამერიკელები ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას კვლავ უნდობლობას უცხადებენ. POLITICO-ს ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ცხოვრების სიძვირე გაუსაძლისია, მთავარ მიზეზად კი ირანის ომი სახელდება, რომელმაც ქვეყანაში საწვავსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ნოემბერში ამერიკელთა თითქმის ნახევარი ამბობდა, რომ ფასები ყველაზე ცუდია მათ მეხსიერებაში. მაისის მონაცემებით, იგივეს კვლავ 53% აცხადებს. ნოემბერში ამერიკელთა 46% მიიჩნევდა, რომ ეკონომიკის მდგომარეობაზე სრული ან უდიდესი პასუხისმგებლობა ტრამპს ეკისრება - მაისისთვის ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელია.

ამჟამად, უმრავლესობა აცხადებს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, მათ შორის არის პრეზიდენტის ამომრჩეველთა 18%, ნათქვამია მაისის გამოკითხვაში, რომელიც Public First-მა ჩაატარა.

POLITICO წერს, რომ მიგნებები ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ უჭირს ტრამპს ხელმისაწვდომობის შესახებ შუალედური არჩევნებისთვის მომგებიანი გზავნილის პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ინდიკატორით ეკონომიკა ჯანსაღად გამოიყურება. პრეზიდენტის მიდრეკილებამ, მოკავშირეების მოწოდებების მიუხედავად, გადაუხვიოს წინასწარ მომზადებულ სცენარს, კიდევ უფრო არია რესპუბლიკური პარტია. არაპოპულარული ირანის ომის ფონზე კი, რესპუბლიკელები ნოემბრის არჩევნებს უახლოვდებიან ამომრჩეველთა ფინანსური შიშებით, რაც მათთვის მყარ, ხანგრძლივ პოლიტიკურ გამოწვევად რჩება.

ამერიკელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტრამპმა არ გააკეთა საკმარისი იმისათვის, რათა დაეცვა ისინი ომის ეკონომიკური შედეგებისგან, რამაც საწვავის, საკვებისა და ავიაბილეთების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 60%-ზე მეტი, მათ შორის როგორც ტრამპის, ისე 2024 წელს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ამომრჩეველთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ომმა მათთვის ყველაფერი გააძვირა.

„[ჯო] ბაიდენის მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ფასების ზრდისა და ინფლაციაზე ნერვიულობის პარალელურად, მისი ადმინისტრაციის პასუხი იყო, რომ ინფლაცია „გარდამავალი“ ხასიათის იყო“, - განაცხადა კევინ მადენმა, რესპუბლიკური პარტიის სტრატეგმა კომუნიკაციების დარგში.

„ტრამპი მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. მაშინ, როდესაც ტარიფებისა და სავაჭრო პოლიტიკის, ასევე გლობალური კონფლიქტის გამო ფასები იზრდება, პასუხი, რომ ეს არის ტყუილი ან სიმართლეს არ შეესაბამება, ძალიან შეუსაბამო გზავნილია იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ამომრჩეველი საკუთარ ბიუჯეტზე გრძნობს დარტყმას“, - დასძინა მან.

ირანის ომი სულ უფრო მეტად ჩრდილავს ტრამპის ადმინისტრაციის შიდა ეკონომიკურ გზავნილებს, რადგან ოფიციალურ პირებს ხშირად უსვამენ კითხვებს ნავთობისა და საწვავის ფასებზე, ხოლო მერყევ შტატებში მყოფი რესპუბლიკელები სულ უფრო მეტად ნერვიულობენ, რომ გაჭიანურებულმა კონფლიქტმა შესაძლოა დააზიანოს მათი შანსები სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ნგემბრის საკვანძო არჩევნებში.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპუბლიკელების მცდელობები, ეკონომიკური ბრალი ბაიდენს გადააბარონ, რეზონანსს ვერ ჰპოვებს: ამერიკელთა მხოლოდ 28% ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ეკისრება სრული ან უდიდესი პასუხისმგებლობა აშშ-ის მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაშინ როდესაც თითქმის ნახევარი ბრალის დიდ ნაწილს ტრამპს აკისრებს.

„რაც უფრო მალე დასრულდება ომი, მით უკეთესი იქნება ტრამპისთვის შუალედურ არჩევნებში, რადგან საწვავის ფასი პირდაპირ კავშირშია ხელმისაწვდომობის აღქმასთან“, - აღნიშნა ფლორიდაში ბაზირებულმა რესპუბლიკელმა სტრატეგმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კუშ დესაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი „ღიად საუბრობდა მოკლევადიან შეფერხებებზე“ და ფოკუსირებულია საკუთარი ეკონომიკური დღის წესრიგის განხორციელებაზე.

„როგორც კი ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა კვლავ ნორმალიზდება, ამერიკელები ისევ დაინახავენ საწვავის ფასების მკვეთრ ვარდნას, რეალური ხელფასების ზრდას, ინფლაციის შემცირებას და ტრილიონობით ინვესტიციის შემოდინების გაგრძელებას“, - ნათქვამია დესაის განცხადებაში.

ტრამპის ამომრჩევლები ბევრად უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა მიიღო საკმარისი ზომები ირანის კონფლიქტიდან გამომდინარე ხარჯების შესამცირებლად, ვიდრე ჰარისის ამომრჩევლები, თუმცა მისი საკუთარი მხარდამჭერებიც კი ორად არიან გაყოფილი: 43%ამბობს, რომ მან საკმარისი გააკეთა, ხოლო 43% მიიჩნევს, რომ - არა.

ეს არის აშკარა ნიშანი, რომელიც ასახავს უფრო ფართო განხეთქილებას რესპუბლიკურ პარტიაში ომის ირგვლივ, რადგან ზოგიერთი კონსერვატორი, როგორიცაა მედიაფიგურა ტაკერ კარლსონი და ყოფილი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი, ღიად უპირისპირდებიან ამ კონფლიქტს. მიუხედავად ამისა, ტრამპის ამომრჩევლები ბევრად უფრო მეტ მზაობას გამოხატავენ, ვიდრე ჰარისის ამომრჩევლები და ზოგადად ამერიკელები - იმის თაობაზე, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს ჩართულობა ირანში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაზრდის ხარჯებს, რაც ხაზს უსვამს პრეზიდენტის მიმართ მათ ნდობას. ტრამპის ამომრჩეველთა უმრავლესობამ (42%) აირჩია ეს ვარიანტი, ჰარისის ამომრჩეველთა 11 პროცენტთან და ყველა რესპონდენტის 22 პროცენტთან შედარებით.

მაგრამ ხუთშაბათმა ახალი იმედგაცრუება მოუტანა ადმინისტრაციას: ინფლაციამ მიაღწია უმაღლეს დონეს მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, ხოლო ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში იმაზე ნელი ტემპით გაიზარდა, ვიდრე მანამდე იყო ნავარაუდები, იტყობინება მთავრობა.

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი ხელმისაწვდომობის ზოგად გამოწვევებში კვლავ ინფლაციას ადანაშაულებს, მაშინ როდესაც დაახლოებით მეოთხედი მიიჩნევს, რომ მათი პრობლემების მთავარი მიზეზი საზღვარგარეთ მიმდინარე კონფლიქტებია.

POLITICO წერს, რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ ყოველდღიური მოხმარების საგნების, როგორიცაა საწვავი, საკვები და მედიკამენტები - ფასები გარკვეულწილად ან მნიშვნელოვნად გაიზარდა მათ რეგიონში მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, მათ შორის არიან ის ადამიანებიც, ვინც მას მისცა ხმა. რესპუბლიკელი სტრატეგები მიირჩნევენ, რომ ომის დასრულებამ შესაძლოა გააუმჯობესოს ამერიკელთა აღქმა ეკონომიკაზე, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაჭიანურდება კონფლიქტი, მით უფრო გაუჭირდება პარტიას ამომრჩეველთა შეხედულებების შეცვლა. ეკონომიკურმა ექსპერტებმა უკვე გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ საწვავის ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება კიდევ მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგან გლობალური ეკონომიკა კონფლიქტის გამო დიდ დარტყმას განიცდის.

„თუ შეძლებთ საწვავის ფასების დაბრუნებას კონფლიქტამდელ დონეზე და იმ 16-18 საარჩევნო ოლქში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ ამ არჩევნების ბედს სამ ან ოთხ შტატში, თავს კარგად იგრძნობენ, მაშინ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებით, ვიდრე დღეს ბევრს ჰგონია“, - აღნიშნა რესპუბლიკელმა სტრატეგმა.