თბილისი (GBC) - კირ სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის პირველი ორი წლის განმავლობაში ისეთი მარცხი განიცადა, რომ მისი „ლეიბორისტული პარტია“ ახლა საყოველთაოდ აღიქმება როგორც აურჩევადი ძალა, იმის მიუხედავად, თუ ვინ ჩაუდგება მას სათავეში. 

ეს არის The POLITICO Poll-ის სასტიკი შეფასება, რომელიც Public First-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა ადამიანმა გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, გასულ კვირას გამართული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.

POLITICO წერს, რომ იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თავის პოსტს ძალზე სუსტად ეჭიდება, რესპონდენტთა მხოლოდ 6%-მა განაცხადა, რომ ლეიბორისტებმა ქვეყანა უკეთესობისკენ იმაზე მეტად შეცვალეს, ვიდრე ამის იმედი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, 31% მიიჩნევს, რომ სტარმერმა და მისმა გუნდმა ქვეყანა სწორი მიმართულებით შეცვალეს, „მაგრამ არა საკმარისად“, ნახევარზე მეტი - 56% - ამბობს, რომ ლეიბორისტებმა 2024 წელს ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ან საერთოდ არაფერი შეცვალეს, ან ქვეყანა უარესობისკენ წაიყვანეს.

თითქმის ამდენივემ – 53%-მა განაცხადა, რომ ლეიბორისტებს ხელახალი არჩევის რეალური შანსი არ აქვთ, როდესაც არ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები.

ნაიჯელ ფარაჯის ნაციონალისტური პარტიის Reform UK-ის შემთხვევაში კი, ვერდიქტი მკვეთრად უფრო პოზიტიურია. ფარაჯი არა მხოლოდ აშკარად უფრო პოპულარულია, ვიდრე სტარმერი, მისი პარტია აღიქმება როგორც ძალა, რომელიც უფრო წარმატებით გაუმკლავდება ბრიტანეთის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებს - მოსახლეობის 65%-ს სჯერა, რომ „რეფორმისტებს“ ახლა ხელისუფლების მოპოვების „რეალური შანსი“ აქვთ.

შედეგები მიუთითებს, რომ ფარაჯის Reform UK-მა შეძლო გარღვევა და საზოგადოების თვალში ბევრად უფრო სანდო პოლიტიკურ მოძრაობად იქცა, ვიდრე 2024 წლის არჩევნებამდე იყო.

„ლეიბორისტულმა პარტიამ კამპანია აწარმოვა „ცვლილებების“ დაპირებით, მაგრამ ახლა ძალიან ცოტა ადამიანი გრძნობს, რომ მათ ეს დაპირება შეასრულეს“, - განაცხადა სებ რაიდმა, Public First-ის კვლევების ხელმძღვანელმა. – „აქედან გამომდინარე, მათ გზა გაუხსნეს „რეფორმისტებს“, რათა ამ უკანასკნელთ საკუთარ თავზე მოირგონ ცვლილებების ნარატივი“.

გამოკითხვა იმ დროს ქვეყნდება, როდესაც სტარმერი საკუთარი პარტიის შიგნით დაუნინგ სტრიტიდან მისი გაძევებისკენ მიმართული კამპანიის წინაშე დგას. თვეების განმავლობაში მიმდინარე სკანდალებისა და შეცდომების შემდეგ, რაც გასულ კვირას უელსში, შოტლანდიასა და ინგლისის ადგილობრივ საბჭოებში მძიმე მარცხით დასრულდა, სტარმერის კოლეგები მისი ჩანაცვლების გეგმას აწყობენ. თუმცა, ცუდი ამბავი მისთვის, ვინც პრემიერის პოსტს დაიკავებს, არის ის, რომ კვლევის თანახმად, ლეიბორისტული პარტიის იმიჯი სერიოზულად არის შელახული.

მხოლოდ 21%-ს სჯერა, რომ ლეიბორისტებს სტარმერის ლიდერობით შეუძლიათ ამ ვარდნიდან ამოსვლა, ხოლო თითქმის ყოველი მესამე - 30% მიიჩნევს, რომ პარტია მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, თუ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლეიბორისტები სტარმერს ჩაანაცვლებენ, 38% ამბობს, რომ პარტია მაინც ვერ შეძლებს პოზიციების აღდგენას.

„ლეიბორისტების ნებისმიერ ახალ ლიდერს დასჭირდება საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ისინი მართლაც რაღაც ახალს სთავაზობენ“, - თქვა რაიდმა. – „ლეიბორისტების დარჩენილი მხარდამჭერების უმეტესობა ფიქრობს, რომ მათ 2024 წელს ისედაც შეუძლებელი ამოცანა იკისრეს. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულად გამოიყურება“.

გაერთიანებული სამეფოს წინაშე არსებულ საკვანძო გამოწვევებთან ბრძოლაში, ლეიბორისტები ახლა ყველა მიმართულებით ჩამორჩებიან Reform UK-ს.

როდესაც ინგლისში რესპონდენტებს ჰკითხეს, რომელი პარტია „შეასრულებდა სამუშაოს საუკეთესოდ“, „რეფორმისტებმა“ ლეიბორისტებს აჯობეს: ცხოვრების ხარჯების შემცირებაში (27% vs 23%); არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში (48% vs 19%); კრიმინალთან გამკლავებაში (34% vs 23%) და ეკონომიკის გაუმჯობესებაში (25% vs 23%). საერთაშორისო ურთიერთობების სფეროშიც კი, სადაც სტარმერმა ქება დაიმსახურა, ლეიბორისტები ახლა ჩამორჩებიან „რეფორმისტებს“: ირანის კრიზისზე რეაგირებისას (28% vs 26%) და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობისას (34% vs 25%). ეს ციფრები ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებული სურათის დრამატულ ცვლილებას წარმოადგენს.

2024 წლის მაისში, ლეიბორისტების გამარჯვებამდე ორი თვით ადრე, სტარმერის პარტია უსწრებდა ფარაჯის გუნდს ისეთ საკითხებში, თუ ვინ უკეთ გაუმკლავდებოდა ცხოვრების ხარჯებს (რეფორმისტები 8%, ლეიბორისტები 42%); კრიმინალს (რეფორმისტები 10%, ლეიბორისტები 36%) და მიგრაციასაც კი (რეფორმისტები 16%, ლეიბორისტები 35%).

„2024 წლის არჩევნებამდე „რეფორმისტები“ შესაძლოა მხოლოდ საპროტესტო ხმებად ყოფილიყვნენ აღქმულნი“, - ამბობს რაიდი. – „ორი წლის შემდეგ, ისინი არა მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს იგებენ, არამედ ეროვნულ საკითხებზე ჩატარებულ გამოკითხვებშიც ლიდერობენ. მათ გარღვევა მოახდინეს, როგორც მემარჯვენე ფლანგის სანდო პარტიამ“.