თბილისი (GBC) - ნოვოროსიისკის ადგილობრივი მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ 4 დეკემბერს, რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში ღამის განმავლობაში აფეთქებები ხდებოდა. საჰაერო განგაში ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა.
ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ქალაქის მცხოვრებთ ტელეგრამ-არხით მოუწოდა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. საჰაერო განგაში გამთენიისას შეწყდა. კრავჩენკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ საფრთხე აღარ არის.
ნოვოროსიისკის მერს არაფერი უთქვამს აფეთქების შედეგის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით მხოლოდ ის განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კრასნოდარის მხარეში გაანადგურეს ხუთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინას ნოვოროსიისკზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
შავ ზღვაზე მდებარე ნოვოროსიისკში რუსეთის უმსხვილესი პორტი და არაერთი დიდი საწარმო მდებარეობს. ქალაქში დისლოცირებულია შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა.