თბილისი (GBC) – სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung Electronics მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საოპერაციო მოგების რეკორდულ მაჩვენებელს პროგნოზირებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 18-ჯერ მეტია. ამის შესახებ Reuters წერს.
LSEG SmartEstimate-ის მიხედვით, რომელიც 30 ანალიტიკოსის შეფასებას ეყრდნობა, მეხსიერების ჩიპების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი 2Q26-ში 86 ტრილიონი ვონის ($56.35 მილიარდი) ოდენობის საოპერაციო მოგებას ელოდება, ნაცვლად გასული წლის 4.7 ტრილიონი ვონისა. ეს იქნება კომპანიისთვის ზედიზედ მესამე რეკორდული კვარტალი, რაც ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმით გამოწვეულ მეხსიერების ჩიპების გლობალურ დეფიციტსა და ფასების მკვეთრ ზრდას ასახავს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, მიწოდების დეფიციტი ბაზარზე მინიმუმ მომავალი წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მყარი ზრდა განპირობებულია როგორც მაღალი გამტარობის მეხსიერებით (HBM), ისე ტრადიციულ DRAM და NAND პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნით, რადგან კომპლექსური „აგენტური ხელოვნური ინტელექტი“ (agentic AI) გამოთვლითი სამუშაოების უფრო ფართო სპექტრში ინერგება და სერვერებისგან მეტ ტევადობას მოითხოვს. Samsung ისეთი გიგანტების საკვანძო მომწოდებელია, როგორებიცაა Nvidia, Google და Apple. Citi Research-ის მონაცემებით, მეორე კვარტალში DRAM-ის საშუალო გასაყიდი ფასი კვარტალურად 44%-ით, ხოლო NAND-ის – 53%-ით გაიზარდა.
ჩიპების დეფიციტმა სექტორის აქციების მასშტაბური ზრდა გამოიწვია: მიმდინარე წელს Samsung Electronics-ის აქციები 158%-ით გაიზარდა, SK Hynix-ის – 273%-ით, ხოლო Micron-ის – 242%-ით, რის შედეგადაც სამივე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა.
ამავდროულად, მეორე კვარტალის საბოლოო მოგებამ შესაძლოა მოლოდინებს ჩამორჩეს, თუ Samsung მაისის ბოლოს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ნახევარგამტარების დივიზიონის საოპერაციო მოგების 10.5% ბონუსებზე მიიმართება, იმაზე მეტ რეზერვს გამოყოფს, ვიდრე დაგეგმილი იყო. კუმულაციურმა რეზერვმა შესაძლოა 40 ტრილიონ ვონს გადააჭარბოს.
JPMorgan-ის შეფასებით, მთავარ გრძელვადიან რისკად AI ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებში შესაძლო შეფერხებები რჩება. ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერების კაპიტალურ დანახარჯებში AI მეხსიერების წილი წელს 52%-ს შეადგენს, მომავალ წელს კი 70%-ს გადააჭარბებს. ხარჯების ნებისმიერმა კლებამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას Samsung-სა და SK Hynix-ს, რომელთაც სამხრეთ კორეაში წარმოების გაფართოებისთვის 3,2 კვადრილიონი ვონის ($2.07 ტრილიონი) ინვესტირების პირობა დადეს. Samsung ამ ინვესტიციას 2026-2040 წლებში გეგმავს.
გარდა ამისა, ჩიპების გაძვირების გამო Samsung-ის მობილური მიმართულება ხარჯების წნეხის ქვეშაა - კომპონენტების გაძვირება აჭარბებს სმარტფონების ფასების ბოლოდროინდელ მატებას, რის გამოც წლის მეორე ნახევარში ფასების დამატებითი ზრდა გახდება საჭირო. კონკურენტმა Apple-მა გასულ თვეში უკვე გაზარდა ფასები iPad-ებსა და MacBook-ებზე.
Samsung Electronics კვარტალის დეტალურ ფინანსურ ანგარიშს მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.
