თბილისი (GBC) - აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადის აშშ-ისთვის მიერთების სურვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი გამოხატავს.

დონალდ ტრამპის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც აშშ-ისა და კანადის ტერიტორია აშშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული.

„ოჰ, კანადა!“ – წერს დონალდ ტრამპი ფოტოს კომენტირებისას.

კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მცირე შანსიც არ არსებობს იმისა, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს.

ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა ერთმანეთის პარტნიორები არიან სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში.

მანამდე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.

„კანადა და შეერთებული შტატები, ეს მართლაც რაღაც იქნებოდა. აღარ იქნებოდა ხელოვნურად გავლებული საზღვარი. ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ: ჩვენ, არსებითად, ვიცავთ კანადას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, გასულ თვეში დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას იხუმრა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.