თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: „ეს ორი ერი წლების განმავლობაში ომობდა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია საკმაოდ დიდი ხანია ორივე მხარესთან თანამშრომლობს.

ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი. ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთის, აზერბაიჯანის, შეერთებული შტატების და მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

თეთრ სახლში მხარეებს შორის შეხვედრამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში მათეს სახარებიდან ციტატა დაწერა: "ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კი განაცხადა, "დოკუმენტი, რომელსაც აზერბაიჯანი და სომხეთი ვაშინგტონში 8 აგვისტოს მოაწერენ ხელს, სამშვიდობო შეთანხმების დასაწყისი იქნება".

მანამდე, ათწლეულების განმავლობაში, რუსეთს სურდა, ერთადერთი არბიტრი ყოფილიყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუმცა უკრაინაში შეჭრამ რეგიონში მოსკოვის პოზიციები მოარღვია. 

გამოცემა NEXTA-ს ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერები შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

გამოცემა TRIPP-ის წყაროებზე დაყრდნობით კი წერს, რომ კორიდორს „ტრამპის მარშრუტი“ ეწოდება.

გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით კი, გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადონ თან იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატების წინადადებაა, რომ ამერიკელი ოპერატორები ჩაერთონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლში, ე.წ. ზანგეზურის დერეფანში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წინა შეხვედრა 10 ივლისს, აბუ-დაბიში გაიმართა.