თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი გადაწყვეტილება, კანადურ ფოლადსა და სპილენძზე 50%–იანი დაბეგვრის დაწესებასთან დაკავშირებით, გააუქმა. ამის შესახებ CNBC ვაჭრობის საკითხებში თეთრი სახლის მთავარ მრჩეველზე პიტერ ნავაროზე დაყრდნობით იუწყება. 

მანამდე კანადის პროვინცია ონტარიოს პრემიერ–მინისტრმა დაგ ფორდმა განაცხადა, რომ აუქმებს მიჩიგანისთვის, ნიუ–იორკისთვის და მინესოტასთვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დაწესებულ 25%–იან ფასნამატს. ეს გადაწყვეტილება მან ამერიკის ვაჭრობის მინისტრთან ჰოვარდ ლიუტნიკთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სამმხრივ შეთანხმებაზე (კანადა, აშშ, მექსიკა) მოლაპარაკებებს 13 მარტს ვაშინგტონში გამართავენ.

დაგ ფორდმა ლიუტნიკთან მოლაპარაკებებს პროდუქტიული უწოდა. პიტერ ნავარომ კი CNBC–ს უთხრა, რომ ლიუტნიკმა შესანიშნავად გაართვა თავი მოლაპარაკებებს.

დონალდ ტრამპმა 11 მარტს დაავალა ვაჭრობის მინისტრს, კანადის მიერ მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დამატებითი 25% გადასახადის საპასუხოდ კანადიდან იმპორტირებულ ფოლადსა და სპილენძზე დამატებით 50%–იანი გადასახადის დაწესება. მანამდე, კანადის მიერ ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწესებას წინ უძღოდა ვაშინგტონის გადაწყვეტილება, კანადური პროდუქციის იმპორტის 25%–ით დაბეგვრასთან დაკავშირებით.