თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, დაიწყოს „ოქროს ბარათების“ გაყიდვა უცხოელებისთვის, რომლებსაც აშშ-ში ცხოვრება და სამუშაო ადგილების შექმნა სურთ. „ოქროს ბარათის“ ფასი კი ხუთი მილიონი დოლარი იქნება.

ტრამპმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ძალაში დაახლოებით ორ კვირაში შევიდეს.

„ვაპირებთ „ოქროს ბარათის“ გაყიდვას. თქვენ გაქვთ „მწვანე ბარათი“, ეს კი არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ, ამ ბარათზე დავაწესოთ ფასი, დაახლოებით ხუთი მილიონი დოლარი და ეს მოგცემთ „მწვანე ბარათის“ პრივილეგიებს, პლუს, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ. მდიდარი ადამიანები შემოვლენ ჩვენს ქვეყანაში ამ ბარათით. ისინი იქნებიან მდიდრები და წარმატებულები, დახარჯავენ ბევრ ფულს და გადაიხდიან ბევრ გადასახადს, დაასაქმებენ ბევრ ადამიანს“, – აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა რუსი ოლიგარქები „ოქროს ბარათის“ ფლობას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.

„მე ვიცნობ ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან. ეს შესაძლებელია“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვაჭრობის მინისტრმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განმარტა, რომ ბარათი ჩაანაცვლებს ინვესტორთა საიმიგრაციო სავიზო სამთავრობო პროგრამას, EB-5-ს, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ჩადონ ფული აშშ-ის პროექტებში, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და შემდეგ აშშ-ში საიმიგრაციო ვიზებზე განაცხადი გააკეთონ.