თბილისი (GBC) - ევროპის ქვეყნების ამბიციური გეგმები, ებრძოლონ კლიმატის ცვლილებას ატომური ენერგეტიკის მასშტაბური გაფართოებით, გლობალური დათბობით გამოწვეულ მკაცრ რეალობას ეჯახება. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

ევროკავშირს საუკუნის შუა წლებისთვის ატომური ენერგიის წარმოების 50%-ით გაზრდა სურს, დიდი ბრიტანეთი სიმძლავრეების გაოთხმაგებას გეგმავს, ხოლო აშშ-ის ადმინისტრაცია 2050 წლისთვის ოთხჯერ მეტი ატომური ენერგიის მიღებას აპირებს, მათ შორის მონაცემთა ცენტრების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუმცა, კონტინენტზე არსებული ინფრასტრუქტურა ახალ კლიმატურ პირობებს ვერ უძლებს.

ექსტრემალურმა სიცხემ და გვალვამ ევროპის მდინარეებში წყლის დონე სარეკორდო მინიმუმამდე დაიყვანა, რის გამოც ატომურ ელექტროსადგურებს რეაქტორების გასაგრილებლად წყლის დეფიციტი შეექმნათ:

  • ბულგარეთში ერთადერთმა ატომურმა სადგურმა ენერგიის მიწოდება შეამცირა.
  • რუმინეთმა წყლის ნაკადის შესანარჩუნებლად კლდე ააფეთქა, თუმცა საბოლოოდ ორივე რეაქტორის გაჩერება მოუწია.
  • უნგრეთმა ძლივს აირიდა ერთადერთი ატომური სადგურის სრული გაჩერება, თუმცა წარმოება 75%-ით შეამცირა.
  • საფრანგეთში სარეკორდო რაოდენობის რეაქტორმა შეამცირა ან შეაჩერა მუშაობა.
  • შვეიცარიაში რეაქტორი გაჩერდა მდინარის წყლის გადახურების გამო, გარემოსდაცვითი სტანდარტები ველური ბუნების დასაცავად ცხელი წყლის მდინარეში ჩაშვებას კრძალავს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, მსოფლიო რეაქტორების უმეტესობა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სრულიად განსხვავებული კლიმატისთვის დაპროექტდა. თუ 2022 წელს რეაქტორების 15% იყო დამოკიდებული მტკნარი წყლის სტრესულ წყაროებზე, 20 წელში ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზრდება.

გარდა გვალვებისა, საფრთხეს ქმნის შტორმები, წყალდიდობები, ოკეანის დონის მატება და მედუზების მასობრივი გამრავლებაც, რაც სანაპირო სადგურების სატუმბ სისტემებს ჭედავს.

მზარდი კლიმატური რისკების გამო ენერგოსექტორი იძულებულია დაგეგმარება შეცვალოს. ფრანგული სახელმწიფო გიგანტი EDF 2040 წლისთვის 4.3 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს სადგურების კლიმატურ ცვლილებებთან მოსარგებად.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი გაგრილების სისტემის ხარვეზების გამო სადგურის გაფართოების გეგმებზე მუშაობს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ცნობით, ახალი ატომური ენერგოპროექტების უმრავლესობის მშენებლობა შიდა მდინარეების ნაცვლად უკვე სანაპირო ზოლებზე იგეგმება, რათა წყლის დეფიციტის რისკები მაქსიმალურად აირიდონ თავიდან.