თბილისი (GBC) - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შეეხებოდა, განაცხადა, რომ "ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება".
მდინარაძემ ისიც აღნიშნა, თუ ოკუპანტი მსგავს საკითხებზე დაიწყებს საქართველოსთვის პოზიტიურ კონტექსტში საუბარს, შემდეგ შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, ასეთი სუბიექტი და ოკუპანტი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე დადებით პასუხს ვერ მიიღებს.
14 აპრილს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს".
„მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება, აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, – ამბობს ის.
ინტერვიუში გალუზინი 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებს და ამბობს: "დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა არა რუსეთმა, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა“ გაწყვიტა.
გალუზინის თქმით, ამისთვის საქართველოში „სააკაშვილის რეჟიმს“ ამჟამად უმკაცრესად აკრიტიკებენ. ის აქებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს: „გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ“.
ლავროვის მოადგილე ფიქრობს, რომ როგორც ხვდება, იგივე დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის მიმართაც, „და ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირველი იყო, ვინც გალუზინის გუშინდელ ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ერთადერთი ბარიერი – ტერიტორიების ოკუპაცია უდგას წინ.
ამასთან, პაპუაშვილი თვლის, რომ ამ ბარიერის მოხსნა რუსეთს ძალიან მარტივად შეუძლია: „საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთს შეუძლია ძალიან მარტივად ეს ბარიერი მოხსნას, როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი".
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისიც თქვა, რომ რუსეთი მზადაა გადადგას ნაბიჯები საქართველოსთან „ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“.
„რაიმე ზუსტი ვადა არ არსებობს, თუმცა ის, რომ რუსეთი ნამდვილად მზად არის, გადადგას ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ნაბიჯები – ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებით ყველა ქვეყანასთან, რომლებსაც ეს სურთ და რომლებიც მზად არიან ამისთვის“, – ამბობს დიმიტრი პესკოვი.
14 აპრილს აღნიშნულ თმაზე განცხადებები დაასრულა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, რომელმაც სამთავრობო ტელევიზიის ეთერში თქვა: "თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და წელს ომი დასრულდა, ჩვენ კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას მუხლმოდრეკილი სთხოვენ".