თბილისი (GBC) - უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ "უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება არ მოიცავს დოკუმენტის ხელმოწერამდე აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას".
პრემიერის თქმით, მან ეს საკითხი აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის Spring Meetings 2025-ზე ვიზიტის დროს განიხილა.
შმიგალმა ისიც აღნიშნა, რომ "იურიდიული ჯგუფები შეთანხმებაზე მუშაობენ და უკვე შეინიშნება პროგრესი".
„მთავარია, ჩვენი წითელი ხაზები ნათლად განისაზღვროს, შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ვალდებულებებს და არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ის პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული. მიღწეულია შეთანხმება, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას“, - აღნიშნა შმიგალმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს მიწაიშვიათი ლითონები.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ თავისი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ ვაშინგტონისგან უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა.
უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებს ეკონომიკური თანამშრომლობის და მათ შორის, მიწაიშვიათი ლითონების ხელშეკრულებისთვის ვაშინგტონში 28 თებერვალს უნდა მოეწერათ ხელი. თუმცა, თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესასთან საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის.
ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
მარტში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ვაშინგტონმა კიევს შესთავაზა შეთანხმების ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის რესურსებზე პრაქტიკულად სრულ კონტროლს და არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს. წყაროთა თანახმად, უკრაინამ ეს ვარიანტი უარყო. მას შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
17 აპრილს, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც მხარეები ადასტურებენ ეკონომიკური პარტნიორობისა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ ოფიციალური შეთანხმების განზრახვას.