თბილისი (GBC) - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ "საქართველოში ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებები ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს".
„ნორვეგია უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიების დასრულების მოწოდებით გამოდის“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება.
The recent arrests of several opposition leaders in Georgia represent an unprecedented attack on Georgia's democracy.
— Norway MFA (@NorwayMFA) June 25, 2025
Norway calls for the release of those unjustly imprisoned, and an end to repressive actions against civil society, free media, and freedom of speech in Georgia.
"წულუკიანის კომისიის" სხდომაზე არმისვლის გამო 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაკავებული. მათ შორის არიან: გიორგი ვაშაძე - “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი (დააკავეს 24 ივნისს, პატიმრობის ვადა - 7 თვე); მამუკა ხაზარაძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე); ბადრი ჯაფარიძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე); ნიკა გვარამია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 13 ივნისს/განაჩენი გამოცხადებული არ არის); ნიკა მელია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 29 მაისს/განაჩენი გამოცხადებული არ არის); ზურაბ ჯაფარიძე - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 22 მაისს/ პატიმრობის ვადა - 7 თვე); ირაკლი ოქრუაშვილი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი (დააკავეს 14 მაისს/განაჩენი გამოცხადებული არ არის).