თბილისი (GBC) - პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამშაბათს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას მიმართა და თქვა, რომ "ეს კომისია, თავის მხრივაც, არის ლაკმუსის ქაღალდი. იმისთვის, რომ გამოვავლინოთ, დავინახოთ ის უცხოური ჯგუფები, რომელთა ხელშეწყობითაც შექმნილი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი".

პაპუაშვილმა კომისიის მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი „წნეხის მიუხედავად აკეთებენ“.

„ჩვენ გუშინაც ვნახეთ წერილი, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა, ბატონმა ვებერმა, გერმანელმა პოლიტიკოსმა გამოუგზავნა მიხეილ სააკაშვილს და ის საპატიო სტუმრად მიიწვია „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე. საგამოძიებო კომისიის მსვლელობისას ვხედავთ მისი დანაშაულების უშუალო, თუ არაპირდაპირ მსხვერპლებს, ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების, ბიზნესის რეკეტის, კორუფციის სისტემა საქართველოში, ამ ადამიანს „ევროპის სახალხო პარტია“ იწვევს ყრილობაზე.

საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ არის ევროკავშირში პარტიების ყველაზე დიდი გაერთიანება და ვვარაუდობ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, ნახევარზე მეტში ხელისუფლებაში ამ გაერთიანების წევრი პარტიები არიან, ამიტომ, ესეც აჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია ხანდახან დამოკიდებულება,ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფებისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „სააკაშვილს რეჟიმს ყველანაირი სასათბურე პირობა ჰქონდა შექმნილი“.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა, უფლებამოსილება ერთი თვით გაუხანგრძლივეს.

საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს სამი თვის ვადით შეიქმნა, რომელიც 5 მაისისთვის იწურება. კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

წულუკიანმა კი პარლამენტს 29 აპრილს გამართულ სხდომაზე შუალედური ანგარიში წარუდგინა, სადაც თქვა, რომ "კომისიის დასკვნაში ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალა, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვები".

წულუკიანის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი ისევე, როგორც მისი გუნდის წევრები, საქართველოს ისტორიაში, როგორც „დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ შევლენ“. წულუკიანმა იქვე დასძინა ისიც, რომ „ამ დასკვნის შედეგი იქნება მრავალნაირი".