თბილისი (GBC) - საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია მშენებლობის 2 358 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4%-ით ნაკლები), 2,6 მლნ კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტი). 

საქსტატის მონაცემებით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების 75.5% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% მოდის თბილისზე, 12.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2% - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2025 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 659.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით 18.1%-ით ნაკლები) 698 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლები).

ამასთან, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.5% მოდის ქ. თბილისზე, 14% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.3% - კახეთის რეგიონზე და 9.3% - შიდა ქართლის რეგიონზე.