თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით (+0,27%) მეტია.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.2%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.6%-ს.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 780.6 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 923.9 ათასი.
ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 39 წელს.
2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34%-ით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2024 წელს, იმიგრანტების 48.2%-ს, ხოლო ემიგრანტების 53.2%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.