თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.5%-იანი მატება.

2025 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.8%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.05 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%), რამაც 0.7 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (2.4%) და ძირითად ლითონებზე (4.6%).

გარდა ამისა, ფასების 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.02 პ.პ შეადგინა. ფასების 0.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.29 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (29.4%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.5 პ.პ-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტებზე (4.5%) და სასმელებზე (6.7%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.71 პ.პ.-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.8 %-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.05 პ.პ.-ით იქონია გავლენა.