თბილისი (GBC) – მცირე ბიზნესის წარმომადგენლები სომხეთის მთავრობის შენობის წინ ორშაბათს საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ გამოდიან.

სომხური მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა საგადასახადო წნეხის კიდევ უფრო გაზრდის წინააღმდეგ 2 300–ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.

სომხეთის მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომლობის ასოციაციის ხელმძღვანელმა აკოფ ავაკიანმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს არ სურს დიალოგი ბიზნესწრეებთან და გადაწყვეტილებები მეწარმეთა მოსაზრებების გაუთვალისწინებლად მიიღება. მისი აზრით, მთავრობის უარი, საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით, მხოლოდ უკუშედეგის მომტანი იქნება.

მცირე ბიზნესი იმასაც ჩივის, რომ მთავრობამ გაუსაძლისამდე გაურთულა დოკუმენტწარმოების პროცესი. სომხეთის ბუღალტერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ერმინე ტოვმასიანმა აღნიშნა, რომ საგადასახადო ცვლილებები, დიდი ალბათობით, ბუღალტრების ჩრდილოვან ზონაში გადადინებას გამოიწვევს.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან სომხეთში ბრუნვის გადასახადი 5–დან 10%–მდე გაიზარდა სავაჭრო ობიექტებისთვის, მრეწველობისთვის კი – 3,5–დან 7%–მდე. კანონპროექტი ძალაში 1–ელ ივლისს შედის.