თბილისი (GBC) - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. Reuters-ის ინფორმაციით, გამოკითხვა, რომელიც ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 21 აპრილს დასრულდა, აჩვენა, რომ რესპონდენტთა დაახლოებით 42%-მა მოიწონა ტრამპის საქმიანობა პრეზიდენტის რანგში.
ამასთან, იმავე გამოკითხვამ სამი კვირის წინ 43%-იანი რეიტინგი აჩვენა, ხოლო იანვარში, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ – 47%.
როგორც Reuters წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის რეიტინგი რჩება უფრო მაღალი, ვიდრე ჯო ბაიდენის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ბევრი ამერიკელი უკმაყოფილოა ტრამპის ნაბიჯებით.
გამოკითხვის შედეგებით, 4 306 რესპონდენტიდან დაახლოებით 83%-მა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუნდაც მას ეს არ სურდეს.
57% არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ „აშშ-ის პრეზიდენტისთვის ნორმალურია უნივერსიტეტების დაფინანსების შეწყვეტა, თუ პრეზიდენტი არ ეთანხმება მათი მართვის წესს“.
66% არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა აკონტროლებდეს კულტურულ დაწესებულებებს, როგორებიცაა ეროვნული მუზეუმები და თეატრები.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა: ინფლაცია, იმიგრაცია და სხვა, „ამერიკელები, რომლებსაც არ მოსწონთ ტრამპის საქმიანობა, უფრო მეტნი არიან, ვიდრე ისინი, ვისაც მოსწონს“.
ამასთან, რესპონდენტების დაახლოებით 59%-მა, მათ შორის რესპუბლიკელების მესამედმა, განაცხადა, რომ ამერიკა კარგავს ავტორიტეტს მსოფლიო არენაზე. 53% კი ფიქრობს, რომ ტრამპი მესამე ვადით პრეზიდენტი აღარ უნდა გახდეს.
დასასრულს Reuters აღნიშნავს, რომ გამოკითხვას შესაძლოა ჰქონდეს დაახლოებით 2%-მდე ცდომილება.