თბილისი (GBC) – მოლდოვას საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება ახალი საზღვაო დერეფნით სურს, რომლითაც ტვირთები კავკასიიდან მოლდოვას გავლით შევა ევროპაში. ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრაზე ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე ეკონომიკური ხასიათის საკითხები განვიხილეთ. კერძოდ, გაზაფხულზე საქმიანი ფორუმის გამართვას ვგეგმავთ, ასევე შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახალი საზღვაო–სამდინარო მარშრუტის მიზანშეწონილობას შეისწავლის. ეს არის საქართველოს ფოთის პორტისა და მოლდოვას ჯურჯულეშტის პორტის დამაკავშირებელი მარშრუტი, კომერციული ტვირთების გადასაზიდად. ჩვენ გვსურს სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, ასევე გვინდა სავაჭრო ურთიერთობების დამყარება კავკასიის მთელ რეგიონსა და ევროპას შორის მოლდოვას გავლით“, – თქვა პოპესკუმ კიშინეუში გამართულ ბრიფინგზე.

ჯურჯულეშტის პორტი შავი ზღვიდან 133 კმ მანძილზე მდებარეობს მდინარეების პრუტისა და დუნაის მარცხენა ნაპირზე. ტერმინალი 2006 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც უკრაინამ მოლდოვას პრუტისა და დუნაის 430–მეტრიანი სანაპირო გადასცა.