თბილისი (GBC) – რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების ზღვარზე არიან. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ–ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. 

„ყველაზე მაღალი რანგის ბევრ თანამდებობის პირთან მქონდა საუბარი, მათ შორის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ეხებით. ძალიან მგრძნობიარეა ის საკითხები, რომლებიც ჩვენ უნდა გადავჭრათ – ავიამიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ საკითხების გადაჭრის ზღვარზე ვართ“, – თქვა დეპუტატმა ეკონომიკურ ფორუმზე „რუსეთ–საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.

კრემლთან დაახლოებული სააგენტოს ТАСС ცნობით, კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მას უჭირს დაკონკრეტება, როდის და რა თანმიმდევრობით გადაწყდება ეს საკითხები.

კონფერენციაზე თავის მოხსენებაში რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ვოლვაჩმა თქვა, რომ რუსეთი 2022 წელს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 16% შეადგინა.

ვოლვაჩის თქმით, საქართველოში ლაბორატორიის შექმნა იგეგმება, რომელშიც ქართული ღვინოების რუსული ნორმატივების შესაბამისად სერტიფიცირება განხორციელდება, „შედეგად, მოხდება პერსონალის გადამზადება და აღარ იქნება საჭირო ქართული ღვინოების მეორეული სერტიფიცირება რუსეთის ტერიტორიაზე“.

მანამდე, იანვარში, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებზე რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმაც ისაუბრა. ლავროვის ამ ინიციატივას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა, ხოლო პრეზიდენტი ზურაბიშვილი წინააღმდეგი წავიდა.

რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, აშშ–მა და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობა შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას განაახლებს.

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ერთპიროვნულად 2019 წლის ივლისში აკრძალა, მას შემდეგ, რაც თბილისში „გავრილოვის ღამის“ საპროტესტო ტალღა აგორდა.