თბილისი (GBC) - 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ფასიან პოლიტიკურ რეკლამაზე 3.8 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა. ყველაზე მეტი – 2.3 მლნ ლარი – „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, მას მოსდევს „ლელო საქართველოსთვის“ 1.1 მლნ ლარით და „ნაციონალური მოძრაობა“ 0.3 მლნ ლარით. 

„ქართულმა ოცნებამ“ რეკლამა ძირითადად „იმედის“ ჰოლდინგში, „რუსთავი 2-სა“ და „პოსტვ-ზე“ განათავსა, ხოლო „მთავარ არხზე“, „ფორმულაზე“ და ტელეკომპანია „პირველზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ მიუტანია.

თავის მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამის ძირითადი ნაწილი „მთავარ არხსა“ და „ფორმულაზე“ განათავსა და „იმედის“ ჰოლდინგში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ მიუტანია. რაც შეეხება „ლელო საქართველოსთვის“, რეკლამის დიდი ნაწილი ტელეკომპანია „პირველში“ და „მთავარ არხზე“ განათავსა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი თანხა, 797 ათასი ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, 786 ათასი ლარი „რუსთავი 2-მა“ და 609 ათასი ლარი ტელეკომპანია „პირველმა“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა და გაუქმდა მუხლი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო ხარჯების დასაფარად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების შესაძლებლობას ადგენდა. ამ მუხლში დადგენილი იყო, რომ „საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად არანაკლებ 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები“. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ცვლილებამ ყველაზე მეტად რეგიონულ ტელევიზიების შემოსავალზე იმოქმედა, სადაც არჩევნების დროს მინიმალური რაოდენობის რეკლამა განთავსდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ჯამში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან 22-მა რეგიონულმა მაუწყებელმა 45 ათას ლარამდე მიიღო.