თბილისი (GBC) - შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ყულევის ნავსადგურში რუსეთიდან შემოვიდა თბომავალი KAYSERI. უწყების განცხადებით, ხომალდი დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.

შემოსავლების სამსახურმა არ დაასახელა, რომელი კომპანიის ნავთობია ხომალდზე – „თავი შეიკავა საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან.”

თუმცა, უწყება ამტკიცებს, რომ „გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

„აქედან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება”. – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

21 ოქტომბერს, მედიაგამოცემა Reuters LSEG-ის გემების კურსის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსულმა ნავთობკომპანია რუსნეფტმა ოქტომბერში საქართველოში ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელს პირველი ტვირთი მიაწოდა.

LSEG-ის მონაცემებით, 6 ოქტომბერს ხომალდმა კაისერიმ ყულევის ნავთობტერმინალს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან 105 340 ტონა Siberian Light-ის ტიპის ნედლი ნავთობი მიაწოდა.

რუსნეფტმა Reuters-თან კომენტარი არ გააკეთა.

ყულევში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ერთი წლის წინ, 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა.

ქარხნის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა "საქართველოს განვითარების ფონდმაც" შეასრულა, რომელმაც კომერციულ ბანკებთან ერთად სინდიცირებული სესხი გამოუშვა. ფონდის თანამონაწილეობამ $5 მლნ, ხოლო კომერციული ბანკების: "ბანკი ქართუს", "ბაზისბანკისა" და "ხალიკბანკის" დაფინანსებამ კი $45 მლნ შეადგინა.

ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია შპს „ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო დირექტორი – მიხეილ ჭკუასელი.

შპს „ბლექ სი პეტროლიუმ”-ში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს.

უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანია, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% კი შპს „თრეიდ სთოუნ იბერია”-ს.