თბილისი (GBC) – 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის – დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა.

ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.

სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში მოდერნული, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა და სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ჟურნალისტიკაში მის მიერ გამოცემულმა გაზეთებმა „საქართველოს მოამბემ“ და „ივერიამ“. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პირველი ფინანსური დაწესებულების - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნაში, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბანკის რესურსი უმეტესწილად საქართველოში სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საქველმოქმედო პროექტებს ხმარდებოდა. მანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა.

ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში უდიდესი როლი მიუძღვის. მისი წერილების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს: ეროვნულ საკითხებს, ლიტერატურას, განათლებას, თეატრს, ეკონომიკას, სოციალურ-პოლიტიკურ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მის პუბლიცისტიკაში ასახულია ევროპული იდეები, ხედვები, რომელთა გაცნობაც ჟურნალ-გაზეთების საშუალებით მთელი ქართული საზოგადოებისთვის ხდებოდა. მნიშვნელოვანია მისი შეხედულებები თვითმმართველობის, სასამართლო სისტემის, ეკონომიკის, სოციალური წესრიგის, ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების, სასკოლო და უმაღლესი განათლების, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის წერილები საგარეო საკითხებზე, რამაც ქართული საზოგადოება მეტად დააახლოვა დასავლეთსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. აღსანიშნავია, რომ ევროპელობის, საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ პირველად ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევში გამოჩნდა.

რუსეთში მიმდინარე რევოლუციის ფონზე, ილია ჭავჭავაძე აირჩიეს ქართველ თავად-აზნაურთა წარმომადგენლად რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოში. მან სცადა გამოეყენებინა ეს ტრიბუნა არა ერთი რომელიმე წოდების, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად. მონაწილეობდა სიკვდილით დასჯის შესახებ დებატებში, ასევე ლობირებდა საქართველოსთვის ავტონომიის მოპოვების საკითხს.

ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედება ეროვნულ და სოციალურ მოტივებზეა აგებული. ნაციონალურ საკითხთან მიმართებით მისი ნაწერები, როგორებიცაა აჩრდილი, ქართვლის დედას და დიმიტრი თავდადებული სამშობლოსადმი თავგანწირვასა და მის უპირობო სიყვარულს ქადაგებს. სოციალურ საკითხებთან მიმართებაში ილია ჭავჭავაძე თავისი ნაწარმოებებით, როგორებიცაა რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან, გლახის ნაამბობი, კაცია-ადამიანი?! და ოთარაანთ ქვრივი, ილაშქრებს სოციალური უთანასწორობის და ფეოდალური ღირებულებების წინააღმდეგ.

1907 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე წიწამურთან მოკლეს. ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია.

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი[4]. ხსენების დღეა 2 აგვისტო.