თბილისი (GBC) – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, თითქოს კიევი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას და ქვეყნის რუსეთთან ომში ჩაბმას გეგმავდნენ. უკრაინის საგარეო უწყებაში ღრმად სწამთ, ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევენ უკრაინელი და ქართველი ხალხების ურთიერთობებს, განაცხადა უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ მთელი რიგი არამეგობრული განცხადებები გააკეთეს. სიტყვა–სიტყვით იმეორებენ რა რუსული პროპაგანდის თეზისებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინას საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში და მის რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაში, სამოქალაქო ომის გაჩაღებისთვის ძალების გაგზავნაში ადანაშაულებენ. ჩვენ ასეთ ინსინუაციებს, რომლებსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ, კატეგორიულად უარვყოფთ“, – განაცხადა ნიკოლენკომ ორშაბათს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება „მტრებს სხვაგან ეძებს“. „ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართველების მხარდაჭერას უკრაინისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინა იყო და იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, რომელსაც ვურჩევთ, არ გაჩერდნენ ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

მანამდე, კვირას, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მისი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისგან.