თბილისი (GBC) – ჩინეთმა პარასკევს განაცხადა, რომ 200,000 დოლარს გადასცემს ირანის „შაჯარე თაიებას“ დაწყებით სკოლაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპული მოსწავლეების მშობლებს. ამის შესახებ AFP წერს.

დონალდ ტრამპმა მომხდარში, რომელმაც ქალაქ მინაბში 168 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (მათი უმრავლესობა 7-დან 12 წლამდე გოგონები იყვნენ), ირანი დაადანაშაულა, თუმცა გეოლოკაცია, ვიდეომასალა, სატელიტური ფოტოები და ადგილიდან ამოღებული ნამსხვრევები საპირისპიროზე მიუთითებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოება 200,000 დოლარს გადაურიცხავს ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების სახით, კონკრეტულად დაღუპული მოსწავლეების მშობლებისთვის კი „სამძიმრისა და კომპენსაციის“ მიზნით.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გუო ძიაკუნმა, მომხდარი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის „უხეშ დარღვევად“ შეაფასა.

„თავდასხმები სკოლებსა და ბავშვებზე წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უმძიმეს დარღვევას და სცდება ადამიანური სინდისისა და მორალის ზღვარს“, - განუცხადა გუომ ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ჩინეთი მზადაა ჰუმანიტარული სულისკვეთებით კვლავაც გაუწიოს ირანს აუცილებელი დახმარება, რათა მხარი დაუჭიროს ირანელ ხალხს ამ რთულ პერიოდში.