თბილისი (GBC) — ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა და ეროვნულმა საგადახდო კორპორაციამ განაცხადეს, რომ ქვეყანაში ციფრული ვალუტის პროექტის ფარგლებში უკვე გამოშვებულია 336,6 მილიარდი ციფრული ტენგე, ხოლო პლატფორმა მზად არის ინდუსტრიული ექსპლუატაციის ეტაპზე გადასასვლელად.
ეს მონაცემები წარმოდგენილია 2025 წლის შედეგების შესახებ საბოლოო ანგარიშში, რომელიც აჯამებს ციფრული ტენგეს პლატფორმის საპილოტე-სამრეწველო ექსპლუატაციის ეტაპს.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს პროექტის მთავარი ამოცანა იყო ციფრული ტენგეს გამოყენების პრაქტიკული სცენარების გაფართოება და მისი ინტეგრაცია ქვეყნის ფინანსურ და სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში. საპილოტე პროექტების ფარგლებში განხორციელდა რვა სხვადასხვა გამოყენების სცენარი, მათ შორის ბიუჯეტური სახსრების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვები, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები.
პლატფორმის ექსპლუატაციის პერიოდში განხორციელდა 1000-ზე მეტი ტრანზაქცია, რამაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, დაადასტურა სისტემის ტექნოლოგიური და ოპერაციული მდგრადობა და მისი მასშტაბური გამოყენების მზადყოფნა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს განვითარდა პროექტი „ციფრული დღგ“, რომლის მიხედვითაც დამატებული ღირებულების გადასახადი ავტომატურად აღინიშნება გადახდის განხორციელებისას და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიწოდების ჯაჭვში შემდგომი ანგარიშსწორებისთვის ან სახელმწიფოსთვის გადასახადის გადარიცხვისთვის. სისტემის მიზანია საგადასახადო ადმინისტრირების გამჭვირვალობის გაზრდა და დღგ-ის დაბრუნების პროცესის დაჩქარება.
პროექტის ფარგლებში ასევე გამოცადეს პროგრამირებადი გადახდების მექანიზმები, მათ შორის თანხების „მარკირება“ და გადახდების ავტომატური შესრულება წინასწარ განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში.
ყაზახეთის ეროვნული ბანკის განცხადებით, მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ციფრული ტენგე შეიძლება ეფექტურად გამოიყენებოდეს ბიუჯეტურ პროცესებში, საგადასახადო ადმინისტრირებასა და სხვა სფეროებში, სადაც საჭიროა გადახდების მაღალი გამჭვირვალობა და ავტომატიზაცია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს კვლევები ტრანსსასაზღვრო გადახდების შესაძლებლობებზე, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების გამოყენებით, რამაც მომავალში შეიძლება საერთაშორისო ანგარიშსწორებების დაჩქარებას შეუწყოს ხელი.
ციფრული ლარი პილოტად დარჩა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც შექმნა ციფრული ლარი, რომელიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაიტესტა. თუმცა, გასული წლის შემოდგომაზე სების ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ციფრული ლარის დანერგვის მიზანი ტექნოლოგიების დატესტვა იყო.
"ციფრული ლარის დანერგვაზე საბოლოო გადაწყვეტილება არასდროს მიღებულა. ქვეყნის კანონმდებლობა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ საგადასახადო საშუალებას აღიარებს", - განაცხადა ებანოიძემ.
მანამდე, 2024 წლის თებერვალში, ნათია თურნავა, რომელიც იმ პერიოდში სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ამზადებდა რომ „CBDC-ს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა და დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა".
ციფრული ვალუტა (Digital currency) ნაღდი ფულის ელექტრონული შემცვლელია, რომელიც ინახება, იმართება და იცვლება ციფრულ (კომპიუტერულ) სისტემაში. ციფრული ვალუტით ანგარიშსწორება მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი.