თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პროექტის — „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) — განხორციელება შესაძლოა გადაიდოს, რადგან აშშ და ისრაელი ამჟამად ირანთან ომში არიან ჩართული. ამის შესახებ BBC წერს.

TRIPP არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს მის ექსკლავს — ნახიჩევანს დაუკავშირებს. პროექტის მიხედვით, ბაქო მიიღებს თავისუფალ სატრანსპორტო კავშირს, ხოლო ერევანი შეინარჩუნებს სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე.

დერეფანი უნდა გაიაროს მდინარე არაქსის გასწვრივ, რომელიც სომხეთ–ირანის საზღვარზე მიედინება. ეს რეგიონი თეირანისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბია და აქვე გადის ირან-სომხეთის გაზსადენიც.

ირანის ომის გავლენა

ექსპერტების თქმით, აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანის წინააღმდეგ შესაძლოა გაართულოს ამ პროექტის განხორციელება. საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსი კონულ დე მორი აღნიშნავს, რომ ომის პირობებში ირანი შესაძლოა უფრო კრიტიკულად მიუდგეს ამ ინიციატივას, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს პროექტის გაუქმებას.

ამავე დროს, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი არ უჭერენ მხარს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომს. ორივე ქვეყნის ლიდერებმა სამძიმარი გამოხატეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მკვლელობის გამო და მის შვილს, მოჯთაბა ხამენეის, მიულოცეს ახალი ლიდერის თანამდებობაზე არჩევა.

ამერიკული პროექტი

TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილია რკინიგზისა და საავტომობილო გზის მშენებლობა, ასევე ინფრასტრუქტურის მართვა მინიმუმ 49 წლის განმავლობაში. პროექტის განხორციელებას უნდა ხელმძღვანელობდეს კომპანია, რომელიც ამერიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ იქნება.

თუმცა ირანში პროექტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არსებობს. ირანის ყოფილი ლიდერის მრჩეველმა ალი აკბარ ველაიათიმ ადრე განაცხადა, რომ ამერიკული პროექტი ირანის საზღვართან შეიძლება „ტრამპის დაქირავებული მებრძოლების სასაფლაოდ“ გადაიქცეს.

გავლენა სამშვიდობო პროცესზე

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ TRIPP გადაიდება ან გაუქმდება, ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე.

თუმცა ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს აშშ-ის გარეშეც. ბოლო ერთ წელიწადში მხარეებმა უკვე შეაჯერეს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი და დაიწყეს ეკონომიკური თანამშრომლობაც — მაგალითად, აზერბაიჯანმა სომხეთში ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დაიწყო.

ექსპერტების შეფასებით, ირანის ომმა შესაძლოა პირიქითაც იმოქმედოს — რეგიონული არასტაბილურობის ფონზე სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა მოლაპარაკებები უფრო დააჩქარონ.