თბილისი (GBC) - სამხრეთ კორეა უკრაინისთვის იარაღისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე უარს ამბობს. გამოცემა The Korea Times-ის ცნობით, სეულის ეს პოზიცია უცვლელი რჩება, მიუხედავად ფხენიანსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისა.
სამხრეთკორეელი დიპლომატების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო პარტნიორობა პირდაპირ ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას და გაეროს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება. ოფიციალური სეული მოითხოვს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა დაუყოვნებლივ შეწყდეს და პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
სეულის უარი უკრაინის ფრონტზე ვითარების ესკალაციას ემთხვევა. უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი ბალისტიკური ტექნიკა მიიღო და საკუთარ ტერიტორიაზე 30-იდან 50 ათასამდე ჩრდილოეთკორეელის განთავსებას გეგმავს. გარდა ამისა, ვორონეჟის ოლქში უკვე დაფიქსირდა ჩრდილოეთკორეული სარაკეტო დანაყოფის გაშლა 120 ბალისტიკური რაკეტით.
მოსკოვსა და ფხენიანს შორის 2024 წლის ივნისში გაფორმებული ურთიერთთავდაცვის პაქტის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კურსკის ოლქში 20 ათასზე მეტი სამხედრო და ინჟინერი გააგზავნა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ კორეა ამ ეტაპზე ინარჩუნებს პოლიტიკას, რაც უკრაინისთვის მხოლოდ არასაბრძოლო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
