თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „ტერაბანკი“ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. 10 აგვისტოს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სანქციის დაკისრების მიზეზი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის დარღვევა გახდა.

კერძოდ, რეგულატორის განმარტებით, კომერციულმა ბანკმა ერთ კლიენტთან მიმართებით კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად არ განახორციელა საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, ასევე არ შეისწავლა გარიგების, საქმიანობის, ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობა.

მიმდინარე წელს ეს კომერციული ბანკის დაჯარიმების რიგით მესამე შემთხვევაა. მანამდე სებ-მა „კრედო ბანკი" 60 000 ლარით, ხოლო „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დააჯარიმა. შედარებისთვის, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა სანქციები სულ 4 კომერციულ ბანკს დააკისრა.