თბილისი (GBC) - მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს გზების ოპერატორის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, უსასყიდლოდ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება 24 ივლისით არის დათარიღებული.
დოკუმენტის მიხედვით, გადაწყვეტილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება დაევალათ.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული საიდენტიფიკაციო კოდით სახელმწიფო საწარმო 2012 წელს დაფუძნდა და ის შპს „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი“ იყო, რომლის 100%-იან წილს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ფლობდა.
წილების ცვლილება 2026 წლის 21 ივლისს განხორციელდა, როდესაც მისი მესაკუთრე სრულად სახელმწიფო გახდა, ხოლო 22 ივლისს კომპანიას სახელი შეეცვალა და „საქართველოს გზების ოპერატორი“ ეწოდა. ბიზნესრეესტრის 6 აგვისტოს ამონაწერით, საწარმოს დირექტორი ალექსანდრე ზაბახიძეა.
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნების შესახებ ცნობილი 2026 წლის ივნისში გახდა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, კომპანიისთვის დაახლოებით ₾63 მლნ-ის საწყისი კაპიტალური ინვესტიციაა გათვალისწინებული, რაც ტექნიკური ბაზის ფორმირებას, სპეციალიზებული ტექნიკის შეძენას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას მოხმარდება. აღნიშნული თანხა 2026 წლის მოქმედ ბიუჯეტში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.
სახელმწიფო კომპანია პირველ ეტაპზე გორი-არგვეთას 105-კილომეტრიანი საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მოვლა-შენახვისა და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.
