თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულმა საომარმა მოქმედებებმა შესაძლოა დაარტყას ბაზრებსა და ეკონომიკებს, ასევე გააჩინოს მოულოდნელი გამოწვევები, რის გამოც პოლიტიკოსები „ახალი ნორმისთვის“ უნდა მოემზადონ. ამის შესახებ Bloomberg წერს.
„თუ ახალი კონფლიქტი ხანგრძლივი აღმოჩნდება, მას აქვს მკაფიო და აშკარა პოტენციალი, გავლენა მოახდინოს ბაზრების განწყობაზე, ზრდასა და ინფლაციაზე, რაც პოლიტიკოსების წინაშე ახალ მოთხოვნებს აყენებს“, - განაცხადა გეორგიევამ ორშაბათს ტოკიოში გამართულ სიმპოზიუმზე.
მან დასძინა, რომ ახალი შოკები შესაძლოა კონფლიქტის დასრულების შემდეგაც წარმოიშვას, რაც ხაზს უსვამს ხანგრძლივი გაურკვევლობის პერსპექტივას. „ამ ახალ გლობალურ გარემოში იფიქრეთ წარმოუდგენელზე და მოემზადეთ მისთვის“, - თქვა მან.
ეს სიტყვები, მისივე განმარტებით, ამყარებს სავალუტო ფონდის პოზიციას იმის შესახებ, რომ ქვეყნებმა უნდა მოაწესრიგონ შიდა პოლიტიკა, რათა შოკებზე რეაგირებისთვის „უსაფრთხოების მარაგი“ ჰქონდეთ.
გეორგიევა სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ორშაბათს ნავთობის ფასი ბარელზე 120 დოლარის ნიშნულამდე გაიზარდა, მოგვიანებით კი ზრდის ტემპი ნაწილობრივ დაკარგა. ფასების მატება უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას, ნავთობის გადაზიდვის მარშრუტებზე გაზრდილ წნეხსა და გლობალურ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი კვირას შეუერთდნენ ერაყს მოპოვების შემცირებაში, რადგან ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის გამო ნავთობის საცავები სწრაფად ივსება.
სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნაოსნობა ჰორმუზის სრუტეში 90%-ით შემცირდა. მისი თქმით, ეს სრუტე უზრუნველყოფს ნავთობისა და თხევადი გაზის მსოფლიო მიწოდების დაახლოებით მეხუთედს, მათ შორის აზიის ნავთობის იმპორტის თითქმის ნახევარს და თხევადი გაზის იმპორტის მეოთხედს.