თბილისი (GBC) - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ პარასკევს განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ ბუდაპეშტში უკრაინის შვიდი მოქალაქე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და სახელმწიფოს კუთვნილი ფული მოიპარა.

სიბიგას ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლები ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით გადაადგილდებოდნენ ორი ავტომობილით და რეგულარული საბანკო მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ. უკრაინულმა მხარემ უკვე გაგზავნა ოფიციალური ნოტა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით და ევროკავშირს მომხდარის სამართლებრივი შეფასებისკენ მოუწოდა.

„სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და ფულის მოპარვაზე. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი“, - დაწერა სიბიგამ X-ზე.

ინციდენტი მოჰყვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ ბუდაპეშტი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა აიძულოს უკრაინა, განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ ნავთობსადენით. ორბანის მტკიცებით, უნგრეთი „ძალის გამოყენებით“ გაარღვევს ნავთობის ბლოკადას, თუმცა სამხედრო ჩარევას გამორიცხავს.

უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის მიწოდება უკრაინის გავლით 27 იანვრის შემდეგ შეუწყდათ. კიევი მიზეზად ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმას ასახელებს, ხოლო ბუდაპეშტი უკრაინას პროცესის განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებს.