თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „კუბა შემდეგია“ და აღნიშნა, რომ კუნძულზე არსებული ვითარება არასტაბილურია.

„კუბა იქნება შემდეგი. კუბა ქაოსშია. ეს არის წარუმატებელი სახელმწიფო. მოკლე დროში ის ჩამოიშლება — და ჩვენ იქ ვიქნებით, რომ დავეხმაროთ“, – განაცხადა ტრამპმა, ირანის შემდეგ შესაძლო ნაბიჯებზე საუბრისას.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ირანში სახმელეთო ჯარების შეყვანას, ტრამპმა უპასუხა: „მე ბევრი ალტერნატივა მაქვს“ და დეტალებზე არაფერი უთქვამს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ კუბისკენ მიმავალი რუსული ტანკერი, რომელიც დაახლოებით 730 ათას ბარელ ნავთობს ატარებს, არ შეაჩერა. ცნობების თანახმად, სანაპირო დაცვის კატერებს არ მიეცათ მითითება გემის შესაჩერებლად.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული ტანკერის ჩასვლა კუბას ნავთობის მარაგებით სულ მცირე რამდენიმე კვირით უზრუნველყოფს.