თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა. ზრდა საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. აფხაზეთის რეგიონში მოხმარების კლების ტენდენცია შენარჩუნდა (-5.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მოხმარების ზრდა კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და ზრდის გაგრძელება მოსალოდნელია.

გალტ & თაგარტის ინფორმაციით, ადგილობრივი გენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 23.9%-ით შემცირდა. ეს დინამიკა ჰიდროსადგურების  მზარდი გენერაციის შედეგია (+13.5% წლიურად), რაც თავის მხრივ უხვი ნალექის დამსახურებაა. გაზრდილმა ჰიდროგენერაციამ თბოსადგურების საჭიროება შეამცირა. შედეგად, თბოგენერაცია წლიურად 26.3%-ით შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში  და ჯამური გენერაციის 15.9% შეადგინა. ამასთან, ექსპორტი შარშანდელ დონეზე შენარჩუნდა  - 757 გვტ.სთ (წლიურად მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა).

სიმძლავრის აუქციონი

გამოცხადდა განახლებადი ენერგიის მეორე აუქციონის გამარჯვებული პროექტები. გამარჯვებულია 63 პროექტი, მათ შორის 32 ჰიდრო მოდინებაზე (183.2 მგვტ), 8 ჰიდრო მარეგულირებელი 1-4 სთ. (53.0 მგვტ), 6 ჰიდრო მარეგულირებელი 4-8 სთ. (130.6 მგვტ), 10 მზის (239.8 მგვტ) და 7 ქარის სადგური (204.2 მგვტ). აუქციონში გამარჯვებულთა შორის CFD ფასები მერყეობდა კვტ.სთ-ზე 4.68 - 7.74  აშშ ცენტის ფარგლებში. ყველაზე დაბალი ფასი მზის სადგურის პროექტზე დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი კი 4-8 საათამდე მარეგულირებელ ჰიდრო სადგურზე. CFD პრინციპის მიხედვით, გამარჯვებული კომპანიები ესკოსგან მიიღებენ დღით-ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასსა და კონტრაქტით განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობას.

როგორც გალტ & თაგარტის წინა მიმოხილვაშია აღნიშნული, განახლებადი ენერგიის სიმძლავრის აუქციონი აღარ გამოცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სამი აუქციონის გამოცხადება იყო დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პროექტების განხილვის პროცესი გამარტივდება და ცალკეულ პროექტებს აუქციონის გარეშე, მემორანდუმის გზით შეეძლებათ სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება. ინიციატივის მიხედვით, მეორე აუქციონზე მიღებული მედიანური ტარიფი განისაზღვრება, როგორც კონკურენტულ პირობებში მიღებული ფასი და მემორანდუმის პირობები მასზე იქნება დაფუძნებული.

ენერგეტიკული ბირჟა

2024 წლის პირველ ივლისს, ექვსჯერ გადავადების შემდეგ, ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყო. როგორც დაგეგმილი იყო, ბაზარი ეტაპობრივად სრულად ამოქმედდება. ამ ეტაპზე, ვაჭრობა ნებაყოფლობითია და უბალანსობის სისტემა არ მოქმედებს. თავდაპირვლეად ბირჟაზე ოთხი მონაწილე დარეგისტრირდა, რაც მოგვიანებით 13-მდე გაიზრდა. მიუხედავად ამისა, პირველი სამი კვირის განმავლობაში ბირჟაზე გარიგება არ დადებულა. როგორც ბაზრის მონაწილეები განმარტავდნენ, მყიდველისა და გამყიდველის შეთავაზებული ფასები ნელი ტემპითუახლოვდებოდა ერთმანეთს. ეს მოსალოდნელიცაა, ვინაიდან ბირჟაზე პირველი გარიგება შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ფასების ერთგვარი საორიენტაციო ნიშნული მოკლევადიან პერიოდში. შესაბამისად, პირველი გარიგების დადება მყიდველებს მაღალ ფასად, ხოლო გამყიდველებს დაბალ ფასად არ სურდათ.

23 ივლისს ბირჟაზე პირველი გარიგება შედგა. 24 ივლისის დღისთვის 1,009 მგვტ. ელექტროენერგია გაიყიდა, საშუალო ფასი მგვტ.სთ-ზე 126.43 ლარი (44.56 აშშ დოლარი) დაფიქსირდა, რაც კვტ.სთ-ზე 12.64 თეთრია (4.5 აშშ ცენტი). გარიგების მხარეები ბირჟაზე ოფიციალურად არ საჯაროვდება, თუმცა თავად კომპანიამ გამოაცხადა, რომ პირველი ისტორიული ვაჭრობის გამყიდველი მხარე ეპ ჯორჯია გენერაცია იყო. 2024 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე ჯამურად 11,500 მგვტ. ელექტროენერგიაა ნავაჭრი. საშუალო ფასი მგვტ.სთ-ზე კვლავ 126.43 ლარია. ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ეს ფასი მომავალ სავაჭრო სესიებზე გაიზრდება.

ელექტროენერგიის მოხმარება

2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა. მატება საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო, აფხაზეთის რეგიონის მოხმარება კი წლიურად 5.6%-ით შემცირდა. პირდაპირი მოხმარების მატება კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით აიხსნება, რაც კრიპტო აქტივების და  ფეროშენადნობების  ფასების ზრდამ გამოიწვია. ამასთან, მეტალურგიული კომპანიების განცხადებით, ფასები ჯერ საკმარისად გაზრდილი არ არის, რომ საწარმოებმა სრული დატვირთვით იმუშაონ. შესაბამისად, მოხმარების ზრდის პოტენციალი კვლავ მაღალია, რაც მეტალის ფასების ზრდის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

ელექტროენერგიის გენერაცია

2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია და იმპორტი წლიურად 1.7%-ით გაიზარდა. ჯამური მიწოდების 77.7%-ს ჰიდრო სადგურები, 15.9%-ს თბო სადგურები, 0.5%-ს ქარის სადგურები, დარჩენილ 5.9%-ს კი იმპორტი შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი წყაროდან წლიურად მხოლოდ ჰიდროსადგურების გენერაციაა გაზრდილი. მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წლიურად 13.5%-ით გაიზარდა და 6.1 ტვტ.სთ შეადგინა.

2024 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც იმპორტის, ასევე თბოგენერაციის მოცულობა. იმპორტი წლიურად 23.9%-ით 0.5 ტვტ.სთ-მდე, ხოლო თბოგენერაცია წლიურად 26.3% ით 1.2 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. ორივე კომპონენტის კლება პირველ კვარტალში დაფიქსირებული შემცირების შედეგია, ვინაიდან, ტრადიციულად, მეორე კვარტალში მათი საჭიროება (და შესაბამისად გამოყენება) ნაკლებია. ჯამურად, 2024 წლის პირველ ნახევარში იმპორტულ ელექტროენერგიაში რუსეთს 91.4% წილი ეჭირა (განკუთვნილი სრულად აფხაზეთისთვის), დარჩენილი 8.6% კი აზერბაიჯანს.

საგარეო ვაჭრობა - ექსპორტი და ტრანზიტი

ელექტროენერგიის ფასი თურქეთის ბაზარზე 2023 წლის განმავლობაში მცირდებოდა და ტრენდი 2024 წლის პირველ ნახევარშიც გრძელდება. 2023 წლის ექსპორტის სეზონზე, აპრილ ივნისში, თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 8.8 აშშ ცენტი, ხოლო 2024 წლის პირველ ნახევარში 6.5 აშშ ცენტი იყო.

გალტ & თაგარტის ინფორმაციით, თურქეთის ბაზარზე შემცირებული ფასებმა ამ ბაზრის მიმზიდველობა შეამცირა. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის ადგილობრივი ფასები პანდემიამდელ ფასებთან შედარებით კვლავ მცირედით მაღალია, ტრანზიტის ოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებლებს კვლავ აღემატება. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს გავლით თურქეთში 0.4 ტვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა, რომელიც სრულად აზერბაიჯანიდან მოდიოდა.

2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობამ 0.8 ტვტ.სთ შეადგინა (+0.1% წ/წ). წლიურ ჭრილში ზრდა მიზერულია, თუმცა გასულ წლებთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა მაღალი რჩება - 2021 წლიდან გაორმაგებულია, 2022-თან შედარებით კი 21%-ით გაზრდილი. მოცულობის ზრდის მიუხედავად, წლიურად 31.5%-ით შემცირდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, რაც ძირითად საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში შემცირებული ფასით აიხსნება. 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის 83.8% (634.6 გვტ.სთ) თურქეთში გავიდა, 11.9% (89.8 გვტ.სთ) სომხეთში, ხოლო დარჩენილი 4.2% (32 გვტ.სთ) აზერბაიჯანში. ექსპორტის საშუალო ფასი 4.8 აშშ ცენტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.5%-იანი კლებაა.

ტოპ-3 ექსპორტიორი იყვნენ:

  • ბუქაფ სოლუშენზ;
  • ქროს ბორდერ ტრეიდინგი;
  • ესკო.