თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა და ₾60.3 მლრდ შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68.1% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9% — საშუალოზე, ხოლო 17% კი — მცირე ბიზნესზე.

განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8%, საშუალოზე — 24.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 29.1%.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა ₾31 მლრდ (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა ₾17.8 მლრდ (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6%-ით მეტი) შეადგინა.

2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3%-ით მეტია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.1% ქალი იყო, ხოლო 55.9% — კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.9% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% — საშუალოზე, ხოლო 36.7%  — მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 745.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 284.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტი).

2025 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 317.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 212.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 783.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 147.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 466.9 ლარი
  • საშუალო ბიზნესი – 2 741.8 ლარი
  • მცირე ბიზნესი – 1 823.3 ლარი

2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.1%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 8%-იანი წილით, მშენებლობა — 5.8%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.7%-იანი წილით, ხოლო 10% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.3%), ვაჭრობა (18.2%), მშენებლობა (16.5%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.4%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.6%-იანი წილი ეჭირა.

2025 წლის II კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29, 11.6 და 9.4%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1%), მშენებლობის (8%), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.4%) დარგის საწარმოებზეც.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:

  • თბილისი – 66.1%
  • აჭარის ა.რ. – 9.6%
  • იმერეთი – 6.3%
  • ქვემო ქართლი – 5.4%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%
  • კახეთი – 2.8%
  • შიდა ქართლი – 2.2%
  • მცხეთა-მთიანეთი – 1.7%
  • სამცხე-ჯავახეთი – 1.4%
  • გურია – 0.9%
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3%