თბილისი (GBC) – მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება. ასევე, შეიქმნება A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას და 1-ლი აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის მუდმივ ნებართვას.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც იყო ერთწლიანი, გახდება მუდმივი, უვადო. დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა ბაზარზე - ყიდვა, გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სანებართვო ბაზარზე შემოვლენ იურიდიული პირებიც. 2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას, ხოლო 2023 წლის 1-ელი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.