თბილისი (GBC) – ფინანსური ანგარიშგების პორტალი ანგარიშვალდებულ კომპანიებს აფრთხილებს, რომ მიმდინარე წელს, ვინაიდან 1–ლი ოქტომბერი უქმე დღეა, ანგარიშგების წარდგენის შესაძლებლობა 2 ოქტომბრის ჩათვლით ექნებათ. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია დაიწყოს შესაბამისი ადმინისტრაციული პროცესი და გამოიყენოს სანქციები. 

„გაცნობებთ, რომ ანგარიშვალდებულმა სუბიექტებმა, რომელთა საანგარიშგებო პერიოდი ემთხვევა კალენდარულ წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, ანგარიშგების პორტალზე: www.reportal.ge ანგარიშგება უნდა ატვირთონ ხელმისაწვდომობისთანავე, დაუყოვნებლივ.

თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, ანგარიშგების წარდგენა უნდა მოხდეს მისი ხელმისაწვდომობისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა.

ანგარიშგების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 1 ოქტომბერი, რომელიც მიმდინარე წელს, ემთხვევა არასამუშაო დღეს, კანონის შესაბამისად, სუბიექტებს 2022 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება, შეუძლიათ წარადგინონ 2 ოქტომბრის ჩათვლით. 

ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია დაიწყოს შესაბამისი ადმინისტრაციული პროცესი და გამოიყენოს სანქციები.

არ დაელოდოთ მონაცემების ატვირთვის საბოლოო ვადას. ანგარიშგების დროული წარდგენით თქვენს ორგანიზაციას უქმნით სანდო და გამჭვირვალე იმიჯს, ეხმარებით ინვესტორების მოძიებაში და ზრდით საბანკო სექტორთან საიმედო პარტნიორობის პოტენციალს“, – ნათქვამია ანგარიშგების პორტალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.