თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და ₾228.5 მლრდ შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წელს მისი მოცულობა ₾90.5 მლრდ-ით განისაზღვრა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 16.3%-ით მეტია.
2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.7% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.8% — საშუალოზე, ხოლო 16.5% კი — მცირე ბიზნესზე.
საქსტატის მონაცემებით, განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8%, საშუალოზე — 25.5%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.7%.
2024 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა — ₾114.9 მლრდ (2023 წელთან შედარებით 5.4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა ₾71.4 მლრდ (2023 წელთან შედარებით 0.2%-ით მეტი) შეადგინა.
2024 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 866.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.2%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.2% ქალი იყო, ხოლო 56.8% — მამაკაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.3% — საშუალოზე, ხოლო 40.3% — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 801.6 ათასი კაცი შეადგინა (2023 წელთან შედარებით 3.9%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე ₾19.9 მლრდ-ით განისაზღვრა (2023 წელთან შედარებით 15.3%-ით მეტი).
2024 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ₾2024.4-ს გაუტოლდა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია ₾197.2-ით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 601.4 ლარი შეადგინა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია ₾156.2-ით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი
- საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი
- მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი
2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.4% ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.5%-იანი წილით, შემდეგ კი — დამამუშავებელი მრეწველობა 7.9%-იანი წილით, მშენებლობა — 6.6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6%-იანი წილით, ხოლო 12.9% დანარჩენ დარგებზე განაწილდა
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა დამამუშავებელი მრეწველობა (18.9%) და მშენებლობა (18.7%), შემდეგ მოდიოდა ვაჭრობა (18.5%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 34.7%-იანი წილი ეკავათ.
2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29, 11.3 და 9.3%-იანი წილებით.
სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6%), მშენებლობის (8%), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (5.9%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3%) დარგის საწარმოებზეც.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს რეგიონების (თბილისის გარდა) მიხედვით ბრუნვასა და პროდუქციის გამოშვებას (მლნ. ლარი):
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა 2024 წელს:
- თბილისი – 62.3%
- აჭარის ა.რ. – 9.8%
- იმერეთი – 7.3%
- ქვემო ქართლი – 5.7%
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6%
- კახეთი – 3.1%
- შიდა ქართლი – 2.9%
- მცხეთა-მთიანეთი – 1.9%
- სამცხე-ჯავახეთი – 1.7%
- გურია – 1.2%
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3%