თბილისი (GBC) - სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შპს „ენგურჰესში“ მასშტაბური რეორგანიზაცია იწყება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 400-დან 500-მდე თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს. "ეს არ არის მხოლოდ საკადრო ცვლილება. ეს არის საკითხი, რომელიც სცდება ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას და პირდაპირ ეხება სოციალურ სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებს", - ამის შესახებ ხუთშაბათს, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ახალ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი ინაშვილს, რეორგანიზაციის საფარქვეშ კადრების მასობრივი შემცირება დაევალა. დასაქმებულთა განცხადებით, პროცესს იძულებითი ხასიათი აქვს: მათ აპრილის ბოლომდე საკუთარი ნებით წასვლის შესახებ განცხადებების დაწერას სთხოვენ, ყოველგვარი ფინანსური კომპენსაციისა და სოციალური გარანტიების გარეშე.

„ენგურჰესის“ 1 100-მდე თანამშრომლიდან 80%-მდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ გალის რაიონში ცხოვრობს. მათთვის აღნიშნული სამსახური შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დასაქმებულები აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვევს რეგიონის ქართველებისგან დაცლას, რადგან ადგილზე სხვა დასაქმების ალტერნატივა არ არსებობს. გარდა ამისა, პერსონალის დიდ ნაწილს აქვს საბანკო ვალდებულებები და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სამსახურის გარეშე შეუძლებელი გახდება.

გიორგი თოდუა აცხადებს, რომ „ენგურჰესი“ არ არის რიგითი საწარმო. მისი თქმით, ეს არის სტრატეგიული ობიექტი და ერთადერთი ინსტიტუციური კავშირი საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის.

„იქ დასაქმებული ქართველები რეალურად ქმნიან ცოცხალ ხიდს, რომელიც ინარჩუნებს სოციალურ და ეროვნულ კავშირს. თუ იქ დასაქმებული ქართველები იძულებით დატოვებენ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხალხს მეორედ დევნის საკუთარი სახლებიდან, ამჯერად „ეკონომიკური“ ფორმით,“ - აღნიშნავს თოდუა.

მისივე შეფასებით, თანამშრომელთა გათავისუფლება დამატებით რისკებს ქმნის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან საწარმოს სამუშაო ნაწილი და ტურბინები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მდებარეობს.

ეკონომიკის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესს ადასტურებენ, თუმცა გათავისუფლებების მასშტაბსა და იძულების ფაქტს უარყოფენ. მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის განმარტებით, ცვლილებების მიზანი საწარმოს ეფექტიანობის გაზრდა და კადრების განახლებაა.

სამინისტროს პოზიციით, „ელექტროენერგიის ტარიფიდან“ არ უნდა ხდებოდეს სოციალური ფუნქციის სუბსიდირება. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებზე სხვა სახელმწიფო უწყებებმა უნდა იზრუნონ.