თბილისი (GBC) - 2024 წლის ივლისში გალტ & თაგარტმა ჩაატარა 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რაც თბილისში 67 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა. გამოკითხვის მიხედვით, 2024 წლის ივნისში დინამიკა გაუმჯობესდა და ბინების გაყიდვები 17.7%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, როცა კლება გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ივნისში გაყიდვების გაუმჯობესება აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრო 2024-ის დროს (18-30 ივნისი) ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
გაუმჯობესებული დინამიკის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ივნისში გაყიდული ბინების რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება წინა თვეებში (მაისის გამოკლებით) დაფიქსირებული გაყიდვების მაჩვენებლებს.
გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 დეველოპერების წლის პირველ პროექტებში ნახევარში, საქართველოს მოქალაქეებზე მთლიანი გაყიდვების 76% მოდიოდა, რაც შემცირებულია წინა წლის 80%-იანი წილიდან. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-დან 11% მდე, როცა რუსეთის მოქალაქეების წილი 8%-დან 2% - მდე შემცირდა.
გაყიდული ბინების რაოდენობა
2024 წლის ივნისში თბილისში 2,957 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.9%-იანი და თვიურად 7.5%-იანი კლებაა. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ პოტენციური მყიდველები უფრო სტაბილურ გარემოს ელოდებიან.
გალტ & თაგარტის ინფორმაციით, ჯამურად 2024 წლის პირველ 6 თვეში თბილისში სულ 18,877 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.6%-იანი კლებაა. ეს შემცირება განპირობებული იყო მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-7.1% წ/წ), მაშინ როცა პირველად ბაზარზე წლიურად მცირედი 0.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2) წილის გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ფასები
გალტ & თაგარტის მტკიცებით, 2024 წლის ივნისში პირველად ბაზარზე ფასების თვიური ზრდა მხოლოდ 0.1% იყო, რაც ბოლო 30 თვის მინიმუმია. ფასების ზრდის შენელება მცირედით, მაგრამ მაინც უფრო შესამჩნევია მაღალფასიან სეგმენტში. შესუსტებული მოთხოვნის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია რომ ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს მომდევნო თვეების განმავლობაში.
ბაზრის ზომა
2024 წლის ივნისში თბილისში 228.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 17.6% იანი კლებაა და ტრანზაქციების შემცირებული რაოდენობის შედეგია. ამასთან, ჯამურად 2024 წლის პირველ 6 თვეში 1,438.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+1.2% წ/წ).
ქირა
თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა ბოლო ხუთი თვეა იდენტურ ნიშნულზე ნარჩუნდება (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ ქირას გარეუბნებში დაღმავალი ტრაექტორია აქვს, ცენტრალურ რაიონებში კი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
სამშენებლო ნებართვები
გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ბოლო 18 თვის მინიმუმამდე შემცირდა. ნებართვების გაცემის შემცირება შესაძლოა უკავშირდებოდეს სეზონურობის ფაქტორს. თუ ნებართვების გაცემის შემცირების დინამიკა ივლისშიც გაგრძელდა, მოკლევადიან პერიოდში მიწოდების კლება შესუსტებულ მოთხოვნას დააბალანსებს.