თბილისი (GBC) - საქართველოში იმპორტირებული ბრენდული პროდუქციის მაღალი ღირებულება დიდწილად განპირობებულია ქვეყნის, როგორც „მცირე ბაზრის“ სტატუსით, რის გამოც საერთაშორისო მწარმოებლები ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებს პროდუქციას უფრო მაღალ ფასად აწვდიან. ამის შესახებ კომპანია „ფუდსერვისის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ ბურდულმა, ხუთშაბათს, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კომპანიას საქართველოში ისეთი მსხვილი ბრენდები შემოაქვს, როგორიცაა „როშენი“ და „დანონი“.
ბურდულის განმარტებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ფასებს შორის სხვაობა პირდაპირ კავშირშია მწარმოებლის პოლიტიკასთან. მისი თქმით, დიდი ბრენდები საქართველოს განიხილავენ, როგორც პატარა შემსყიდველს, რაც შესასყიდი ფასის ზრდას იწვევს.
„ხშირ შემთხვევაში დიდი მწარმოებელი ჩვენს ბაზარს უყურებს როგორც ძვირ ბაზარს - პატარა შემსყიდველს და შესასყიდი ფასები უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ბურდულმა. მან მაგალითად თურქეთი მოიყვანა, სადაც ანალოგიური პროდუქცია საქართველოზე გაცილებით იაფია.
იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში მათ მიერ შემოტანილი პროდუქციის ფასი საშუალოდ მაქსიმუმ 2%-ით გაიზარდა, რაც ასევე შესასყიდი ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.
ბურდულმა ხაზი გაუსვა, რომ დისტრიბუტორებს ფასების თვითნებურად გაზრდის საშუალება არ აქვთ, რადგან საერთაშორისო ბრენდები მკაცრად აკონტროლებენ საოპერაციო ხარჯებსა და მოგების მარჟას. მისი თქმით, დისტრიბუტორის მოგების კომპონენტი ხშირ შემთხვევაში 3%-ს არ სცდება და საუკეთესო შემთხვევაში 5%-ს შეადგენს.
ხუთშაბათს, 5 მარტს, საქართველოს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა. კომისია, რომელიც უკვე შეხვდა ადგილობრივ მწარმოებლებსა და მცირე იმპორტიორებს, ბაზრის სტრუქტურისა და ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას აპრილის ბოლომდე დაასრულებს.