თბილისი (GBC) - მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრები- „შპს ჯიენსი“, „შპს ინექსფონი“ და „შპს მაიფონი“ - კომუნიკაციების კომისიას მიმართავენ თხოვნით ძალაში დატოვოს 2019 წლის  გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ  ვირტუალური ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება.

MVNO ასოციაციაში შემავალ სამივე კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორც საჯარო, ისევე - კერძო მიმართვებში არაერთხელ აქვთ გაცხადებული მზაობა და სურვილი მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოპოვების, თუმცა როგორც კომპანიები ამბობენ მსხვილი ოპერატორების მხრიდან შესაბამისი მზაობა არ არსებობს.

 

„ ქსელის ოპერატორების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არიან მობილური ვირტუალური ოპერატორი დაუშვანსაკუთარ ქსელზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ამ დრომდე სიტყვიერი მოლაპარაკებიდან რეალურ სამუშაო პროცესში გადასვლა არცერთ ჩვენგანთან არ მომხდარა. ქსელის ოპერატორების საჯარო მზაობამხოლოდ ერთი ოპერატორის მიერ და მხოლოდ ერთი ახლად დაარსებული კომპანიის დაშვებითშემოიფარგლა. კერძოდ, საუბარი გვაქვს შპს ,,ეკლეკტიკსა“ და სს ,,სილქნეტს“  შორის  გაფორმებულხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე „ჰალოს“ სახელით პირველმა ქართულმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა დაიწყო საქმიანობა და დღეის მდგომარეობით 80-მდე აბონენტი ერიცხება“, - ვკიტხულობთ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამასთან ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ შპს ,,ეკლეკტიკის“  ბაზარზე გამოჩენა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მათთვის ხელშეკრულების გაფორმება უამრავ ეჭვსა და კითხვას აჩენს.

„MVNO დაშვების მსურველ ასოციაციაში შემავალ კომპანიებს გვიჩნდება განცდა, რომ არსებული შეთანხმება შპს ,,ეკლეკტიკსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის არა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზებების შექმნას, არამედ ფასადურად კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულებას ისახავს მიზნად. 

საგულისხმოა, რომ „ჰალოს“ შეთავაზება „სილქნეტის“ პაკეტების იდენტურია და განსხვავება მხოლოდ ფასშია, კერძოდ, ჰალო 2 ლარით იაფია ვიდრე სილქნეტი.  ასევე, პოტენციური აბონენტისთვის „ჰალოში“ პორტირება ან ახალი სიმ ბარათის აღება ისევე როგორც კომპანიასთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს - კომპანიას არ აქვს მითითებული მომსახურების წერტილების ზუსტი მისამართი, იურიდიულ მისამართზე არასდროს არავინ იმყოფება, უცნობია კომპანიის სამუშაო და არასამუშაო საათები, რაც ოპერირებისა და MVNO კომპანიისთვის სწორ სეგმენტზე გასასვლელად სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა და გარემოებების გამო, ვთვლით, რომ არამც თუ უნდა გაუქმდეს რეგულაცია, არამედ პირიქით კომისია უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ სფეროს რეგულირებაში. სწორედ ამიტომ კომუნიკაციების კომისიას მივმართავთ თხოვნით, არ გააუქმოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება“, - ნათქვამია განცხადებაში.