თბილისი (GBC) – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3-მა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა. ,,ჯორჯიან ბას“ და ,,ომნიბუსს ექსპრეს“-თან ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია -,,მეტრო ჯორჯია” განახორციელებს. სატრანსპორტო კომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს, დანარჩენი ორის კომპანიის მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმოდგენილია უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე, შემოგვიერთდა სატრანსპორტო კომპანია ,,მეტრო ჯორჯია“, რომელიც ოპერირებს უახლესი სტანდარტის მქონე სამგზავრო ავტობუსებით და დღეიდან, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ბილეთები და ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, “მეტრო ჯორჯია”, სხვა კომპანიების მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს. კომპანია საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის „Metro“-ს პარტნიორია საქართველოში და სატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს. “მეტრო ჯორჯიას” ავტობუსები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებაზე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი “მეტრო ჯორჯიას”-თან პარტნიორობით კიდევ უფრო გააძლიერებს მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.
ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე https://metrogeorgia.ge/ უკვე შესაძლებელია.
“მეტრო ჯორჯიას” ავტობუსებით მგზავრობა თბილისიდანაც და ბათუმიდანაც 25 ლარი ღირს.