თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის პოსტზე ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს ხუთშაბათს წარუდგინა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი უწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
მინისტრის განცხადებით, კორპორაცია ფინანსური ინსტრუმენტების, მათ შორის სინდიცირებული სესხებისა და კაპიტალის ბაზრის მექანიზმების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დამოუკიდებელ სტრუქტურად ინვესტიციების სააგენტო ჩამოყალიბდა.
ქვრივიშვილის თქმით, კორპორაციის საქმიანობა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესით არ შემოიფარგლება და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ენერგეტიკის სექტორი განიხილება.
ირაკლი გაბრიაძე 2020 წლიდან სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.