თბილისი (GBC) - სს „საქართველოს განვითარების ფონდი“ (რეფორმირებული „საპარტნიორო ფონდი“) ღვინის საექსპორტო კომპანია „გლობალ ბრენდში“ თავის 100%-იან წილს აუქციონზე მეოთხედ გამოიტანს. ამჯერად აქტივის საწყისი ფასი 300 000 ლარით განისაზღვრა, რაც პირველ აუქციონზე წარდგენილ 7.5 მილიონ ლართან შედარებით 96%-ით ნაკლებია.

ფასის მკვეთრი კლება მას შემდეგ მოხდა, რაც წინა სამი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა: კომპანია ვერ გაიყიდა ვერც 7.5 მლნ, ვერც 3.7 მლნ და ვერც 950 000 ლარად.

„გლობალ ბრენდი“ ფონდმა 2017 წელს დააფუძნა აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის მიზნით, რისთვისაც შეიქმნა ბრენდი Lost Eden. პროექტი ბიზნესმენ ლევან გაჩეჩილაძის იდეას წარმოადგენდა. სხვა საინვესტიციო პროექტებისგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო მინორიტარია, აქ ფონდმა 100%-იანი წილი დაიკავა, რითაც ბიზნეს რისკი სრულად საკუთარ თავზე აიღო.

2020 წელს ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე განმარტავდა, რომ პროექტს 11%-იანი უკუგების (IRR) ვალდებულება ჰქონდა, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კომპანია აუქციონზე გაიყიდებოდა. ამავე პერიოდში ლევან გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ სახელმწიფოს მიერ რისკის აღების მიუხედავად, პროექტის წარმატება ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანდა.

ფონდის 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „გლობალ ბრენდი“ არ იყო შემოსავლიანი და მასში ჩადებული ინვესტიცია გაუფასურებული იყო. ამჟამად კომპანიის ზუსტი ფინანსური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის – ფონდი მათ დაინტერესებულ პირებს მხოლოდ კონფიდენციალურობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ აცნობს.

აუქციონი „AS IS“ (როგორც არის) პრინციპით ტარდება, რაც გულისხმობს, რომ მყიდველს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ქონების ან აქტივების ნაკლთან დაკავშირებით. რეესტრის მონაცემებით, კომპანიას უძრავი ქონება არ გააჩნია, ხოლო მოძრავი ქონებისა და მარაგების მოცულობა უცნობია.

სააუქციონო პროცესი 4 მარტს დასრულდება.